პროკურორის თქმით, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ბრალდების მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, – ამის შესახებ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის საქმის პროკურორმა, თორნიკე მახათაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა.

მისი თქმით, პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„როგორც მოგეხსენებათ ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა და შესაბამისი წესით ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის გამოყენება დასაბუთებული იყო. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმ კუთხით, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, თუმცა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება და გაასაჩივრებს კანონით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები