სასამართლომ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა და რამიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვდა.

როგორც თორნიკე მახათაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს არ სჯერა ბრალდებულ გიორგი რამიშვილის პოზიცია ზურგჩანთაში იარაღის შემთხვევით ჩადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იარაღის შენახვას კანონით გათვალისწინებული წესები აქვს, რომელიც დარღვეულია და დანაშაულს წარმოადგენს.

პროკურორის თქმით, სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართეს, რადგან მძიმე კატეგორიის დანაშაულია და არასაპატიმრო აღკვეთის შეფარდების საფუძვლები არ არსებობს. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე მკაცრი სასჯელის შიშით.

დაცვის მხარემ აღკვეთის სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა. როგორც ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, იარაღი ზურგჩანთაში შემთხვევით აღმოჩნდა და დეტალებს რამიშვილი თავად განმარტავს. ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განცხადების გავრცელებას გეგმავს.

რამიშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განისაზღვრა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 აგვისტოს, 15:00 საათზე დაინიშნა.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ. სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“.

საქართველოს პროკურატურამ რამიშვილს ბრალდება დღეს წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები