NON STOP პოეზია – ახალი თაობის ავტორთა საღამოების დასკვნითი, შემაჯამებელი საღამო მწერალთა სახლში
11 ივლისს, 20:00 საათზე, მწერალთა სახლში ახალი თაობის ავტორთა საღამოების დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიება − NON STOP პოეზია გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, პოეტურ ღამეში მონაწილეობისთვის იწვევენ ლიტერატურულ პარასკეობებში მონაწილე ავტორებს, სალიტერატურო წრეებს და პოეზიის მოყვარულ საზოგადოებას.
„11 ივლისს მწერალთა სახლი საღამოს 8-დან ღამის 3 საათამდე ღიაა. თავისუფალი იქნება მიკროფონიც − ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება წაიკითხოს საკუთარი ან სხვისი პოეტური ნაწარმოები და ჩაერთოს ღამის NON STOP პოეზიის პერფორმანსში.
NON STOP პოეზია ახალგაზრდა ავტორთა ლიტერატურული საღამოების სერიის ერთგვარი რეზიუმეა, რითაც შეხვედრების 8-თვიანი სეზონი დასრულდება, ხოლო განახლებული ფორმატითა და ახალი ავტორებით ლიტერატურული პარასკეობები აუდიტორიას სექტემბრიდან დაუბრუნდება.
11 ივლისს, ტრადიციულად პარასკევს, 20 საათიდან, გელით ყველას, ვისაც ღამის მწერალთა სახლი და ღამის პოეზია გიზიდავთ!
NON STOP პოეზია − დასწრება თავისუფალია, როგორც არასდროს“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.