ფონიჭალაში მომხდარი დედა-შვილის მკვლელობის ახალი დეტალები

2016 წლის 22 თებერვალს ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება ოჯახის ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. ინფორმაციას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ოჯახის ახლობლის მონაყოლზე დაყრდნობით აქვეყნებს.
„გამომძიებლებმა ცოტა ხნის წინ მოკლული ნონა რომანაძის მეუღლე ოთარ მამფორია დაიბარეს და აჩვენეს რამდენიმე ფოტო, ანუ, როგორც ვიცი, საეჭვოდ ეჩვენათ რამდენიმე ახლობელი და ქმარს სთხოვეს, ისინი ამოეცნო. მერე რა მოხდა, არ ვიცი. ვისზე რა ინფორმაცია აქვთ, ჯერ არ გვეუბნებიან. ვიცით ისიც, რომ გამოძიება სწავლობს ერთ-ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც“,-განუცხადა „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილია იმ პიროვნების ვინაობა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოძიება დაინტერესდა, თუმცა უდანაშაულობის პრეზეუმციისა და პირადი ინფორმაციის დაცულობიდან გამომდინარე, გამოცემა პიროვნების დასახელებისგან თავს იკავებს.
გამოცემასთან საუბრისას ფოტოების ჩვენებისა და მასზე მყოფი ადამიანების ამოცნობის ფაქტს ოთარ მამფორიაც ადასტურებს. მისი თქმით, გამოძიება დაინტერესებული იყო ამ ადამიანებისა და მისი მეუღლის კავშირებით. „მკითხეს, ამას თუ იცნობო, რამდენიმე სურათი მაჩვენეს. სამწუხაროდ, მეუღლის სანათესაოსა და სამეგობროს – ყველას არ ვიცნობდი“,- განაცხადა მოკლულის მეუღლემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები