როგორ წაართვა ქონება fly adjara-ს მფლობელს წინა ხელისუფლებამ და როგორ გაასაღეს სამხედრო გამოფენაზე კომპანიის ორი ვეტმფრენი, როგორც „დელტას წარმოება

იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებული ავიაკომპანია fly adjara-ს მფლობელი, ბიზნესმენი ნოდარ კაკაბაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ დუმილს არღვევს და ყვება, თუ როგორ დაათმობინეს მუქარით ქონება წინა ხელისუფლების პირობებში.
როგორც კაკაბაძე ყვება, 2010 წლის 30 ოქტომბერს, ბათუმის აეროპორტში საწვავის შევსების მიზნით ბულგარეთიდან თურქმენეთში მიმავალი fly adjara-ს კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა, რომელსაც აშხაბადში თურქმენეთის უშიშროების სამსახურის დაკვეთით შეიარაღება გადაჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავს სამხედრო დანიშნულების ტვირთი საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, ყველა საჭირო დოკუმენტის საფუძველზე გადაჰქონდა, ბათუმის აეროპორტიდან მას ფრენის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
მისივე თქმით, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ორ უკრაინელ მფრინავთან ერთად დააპატიმრეს, აეროპორტის ტერიტორიაზე fly adjara-ს კუთვნილ ანგრებში გენშტაბის უფროსის ბრძანებით თავდაცვის სამინისტროს შეიარაღება შეიტანეს, იქ განთავსებული ვეტმფრენები კი თბილისში, „დელტას“ ბაზაზე გადაიტანეს.
კაკაბაძე ამბობს, რომ ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს 26 მაისს სამხედრო გამოფენაზე, მისი კომპანიის ორი ვეტმფრენი ისე ჰყავდათ გამოყვანილი, როგორც „დელტას“ წარმოება.
„აეროპორტში ჩვენს ტერიტორიაზე პირადად შემოვიდა ბაჩანა ახალაია და კიდევ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები. გვქონდა შესაბამისი ლიცენზია და ყველა დოკუმენტაცია. პრაქტიკულად ეკიპაჟს დაესხნენ თავს. ძირითადად, მომართულები იყვნენ ქონების ჩაგდებაზე. საბაბად მოგვდეს იარაღის უკანონო გადატანა, მინიმუმ 20 წლით გაგიშვებთო. მათთვის არანაირ კონვენციას მნიშვნელობა არ ჰქონდა. გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოს გავლით იარაღის გადატანა თავდაცვის სამინისტროსთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. არადა, ორი წლის განმავლობაში ეს უკვე მე-4 რეისი იყო და თუ მაშინ თავდაცვის სამინისტროსგან ნებართვა არავის მოუთხოვია, ახლა რა შეიცვალა?! ეს იყო თითიდან გამოწოვილი საბაბი. სპეციალურად ამ საქმეზე თბილისში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ჩემმა პარტნიორმა ჩამოაფრინა.
შეხვედრა შედგა სააკაშვილთან, რომელმაც უთხრა – ეგ ხალხი მე გავათავისუფლეო. ჩვენს პარტნიორს კი უპასუხია – როგორ თუ გაათავისუფლე ეს ხალხი ამჟამად გლდანის ციხეში ზისო. მიშას ტელეფონი აუღია და მწვავე საუბარი ჰქონია. ამ გასაიდუმლოებული შეხვედრის შემდეგ წაგვიყვანეს ბათუმში, საღამოს 9 საათზე სახელდახელოდ ჩანიშნეს პროცესი.
მანამდე პროკურორმა მითხრა, ახლა იმ ორ უკრაინელს გავუშვებთ, შენ ბათუმის ციხეზე დაგტოვებთ და ერთ კვირაში გაგიშვებთო. თუ შეგვეწინააღმდეგები, პრობლემა შეგექმნება არა მარტო შენ, არამედ შენი ოჯახის წევრებსაცო.
9 თვის შემდეგ გამათავისუფლეს. მანამდე კი წამიყენეს პირობა – ახალაია ჯერ თვითმფრინავს ითხოვდა, შემდეგ ტყვია-წამალს, რომელიც თურქმენეთში გადაგვქონდა. შემდეგ აეროპორტის ტერიტორიაზე ჩვენი მიწის ნაკვეთით და ანგრებით დაინტერესდა. ამ ქონების მეწილე კი ვიყავი, მაგრამ ოფიციალურად ჩემზე არ იყო გაფორმებული, კომპანია „ავიატორს“ ეკუთვნოდა.
სამხედრო პოლიციის უფროსმა ლევან ზაქრაძემ მითხრა, ამ კომპანიის ხელმძღვანელსაც დავიჭერთ, ნარკოტიკს ჩავუდებთ, თუ არ გადმოაფორმებთო. 9 თვის თავზე გამომიშვეს იმ პირობით, რომ ქონება უნდა მიმეცა – ანგრები თავისი მიწით. ქონება იპოთეკით იყო დატვირთული, ეს პროცესი გარკვეულწილად გაიწელა და ამასობაში „ნაციონალებიც“ წავიდნენ.
ტერიტორიაზე იყვნენ შესულები, უბრალოდ, ოფიციალურად მათზე არ იყო გაფორმებული. იქ დასაწყობებული ვეტმფრენები დატვირთეს და წაიღეს თბილისში, ყოფილი 31-ე ქარხნის, ამჟამად „დელტას“ ტერიტორიაზე. რომ გავაპროტესტე, ასე მითხრეს – შენ არავინ გეკითხება, მინისტრის ბრძანებას ვასრულებთო, ახალაიაზე მითხრეს. სხვათა შორის, ახალაიას დროს, 26 მაისს, სამხედრო გამოფენა რომ მოეწყო, ჩვენი ორი ვეტმფრენი ჰყავდათ გამოყვანილი, როგორც „დელტას წარმოება. ახლა 12 ვეტმფრენსა და 2 თვითმფრინავზეა საუბარი. ალასანიას მინისტრობის დროს მივმართე თავდაცვის სამინისტროს, შექმნეს კომისია და მოგვცეს დასკვნა, რომ კუთვნილ ვეტმფრენებს დაგვიბრუნებდნენ. პროცესი ამ დრომდე ჭიანურდება და ჩვენი კუთვნილი ქონების დაბრუნება ვერ ხერხდება“,- განაცხადა კაკაბაძემ.
„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ნოდარ კაკაბაძე იმასაც ყვება, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიერ იარაღის კონდრაბანდის ბრალდებით დაკავებული მიხეილ სააკაშვილმა ავიაციაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით, გათავისუფლებიდან 6 თვის თავზე, დააჯილდოვა.
„სრულიად უკანონოდ 9 თვე მაყურყუტეს ციხეში, წამართვეს ქონება და ამ ყველაფრის მერე სააკაშვილი მაჯილდოვებს. მაშინ ამ ჯილდოზე შიშის გამო უარი ვერ ვთქვი, ვიფიქრე – ისევ უკან არ შემაბრუნონ-მეთქი. ახლა კი ვაცხადებ, რომ უარს ვამბობ ღირსების ორდენზე“, – აღნიშნა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები