კახა თარგამაძე ფარულ ჩანაწერებზე: ფაქტობრივად, შეუძლებელია გამავრცელებლის პოვნა

„ეჭვი მეპარება, საქმე ბოლომდე გახსნან. ის პიროვნება, ვინც ეს კადრები გაავრცელა თავისი სახელით ხომ არ დარეგისტრირდებოდა?!“ – ასე ეხმაურება შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც საქართველოში ბოლო დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს.
როგორც კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, გამოძიებას ძალიან გაუჭირდება საქმის ბოლომდე გამოძიება და, მითუფრო, იმ პიროვნების დადგენა, ვინც ეს ვიდეობი ატვირთა.
მისი თქმით, აუცილებელია, დადგინდეს ქვეყანა, საიდანაც ეს ვიდეოები აიტვირთა, თუმცა ესეც, სავარაუდოდ, ტექნიკურად შეუძლებელია.
„კადრების გავრცელება ძალიან მარტივია, თანამედროვე ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ნებისმიერს შეუძლია მათი ატვირთვა, მაგრამ, ფაქტობრივად, შეუძლებელია გამავრცელებლის პოვნა. არა მგონია, საქართველოს ჰქონდეს ისეთი ტექნიკა, რომ ამის დადგენა შეძლონ. ამერიკელები თუ მოინდომებენ, რაღაც გაირკვევა – შესაძლებელია, ქვეყანა დაადგინონ, საიდანაც კადრები აიტვირთა, მაგრამ ეჭვი მეპარება, საქმე ბოლომდე გახსნან. ის პიროვნება, ვინც ეს კადრები გაავრცელა, თავისი სახელით ხომ არ დარეგისტრირდებოდა?! ამ ნაძირლებს უამრავი ფაილი ექნებათ საქართველოდან გადანილი. კადრების პრევენცია შეუძლებელია“, – აცხადებს კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამასთანავე, ყოფილი მინისტრი კატეგორიულად გამორიცხავს იმ მოსაზრებას, რომ თითქოს პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებს დღევანდელი ხელისუფლება ავრცელებს.
„დღევანდელ ხელისუფლებას არაფერში სჭირდება ამ კადრების გავრცელება. ეს სიბუნძურეები მიშას პერიოდში არის გადაღებული. ასეთი პროვოკაციებით, შანტაჟით მართავდნენ ქვეყანას. თქვენ ჩემზე უკეთ არ იცით, რას აკეთებდნენ?! გაიგეთ ხალხო, ამ ნაძირლებს, არა მხოლოდ ქართველი ერის, არამედ კაცობრიობის წინაშე აქვთ ჩადენილი დანაშაული. დღეს ოდესაში კი არ უნდა ეგდოს ეგ ნაძირალა, სამუდამო პატიმრობა უნდა ჰქონდეს მისჯილი! “ – აცხადებს კახა თარგამაძე გამოცემასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები