რა გახდა აჭარაში 14 წლის მოზარდის მკვლელობის მიზეზი: ანრის უთქვამს, გოგონები არიან, ნუ იგინებიო
გასულ კვირას ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში, 14 წლის ანრი გოგიტიძე საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ოჯახის წევრები თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ბავშვი თანატოლმა მოკლა.
„ანრი სახლში სადილობდა, ეზოდან რომ დაუძახა მეგობარმა. ის 10 წლის არის, გვერდით კორპუსში ცხოვრობს. მკვლელმა ეს ბიჭი აიძულა, ანრი სახლიდან გაეყვანა. დამნაშავე ანრიზე ფიზიკურად ბევრად ძლიერია, ბავშვი შეშინებული იყო და მასთან შესახვედრად არ მიდიოდა. ანრიმ დედას უთხრა, 5 წუთში დავბრუნდებიო და სახლიდან გავიდა. მკვლელი და კიდევ სხვა ბიჭები სადარბაზოში დახვდნენ. კასტეტი აქვს დარტყმული, ფილტვი შენგრეული აქვს… ბიჭები თავიდან ძმაკაცობდნენ, მაგრამ ერთ დღეს თურმე ის ბიჭი ეზოში იგინებოდა და ანრის უთქვამს, გოგონები არიან, ნუ იგინებიო. შენ ვინ გკითხავსო და ახლა ჩემს დისშვილს შეაგინა. მანამდეც ჰქონიათ კონფლიქტი გოგოს გამო, მაგრამ მაშინ უფროსები ჩაერივნენ და შეარიგეს. ახლაც ემუქრებოდა, რაც ფეისბუქში მიმოწერითაც დასტურდება. სწერს, ამდენი ხანი რომ გიბარებ “სტრელკაზე“, რატომ არ გამოდიხარო, ანრი პასუხობს, არ შეგხვდებიო. თუ სამართალი არ აღდგება, ჩვენ მოგვიწევს შურისძიება. ანრის მკვლელობას არავის შევარჩენთ“, – აცხადებს ანრი გოგიტიძის დედა.