ძალისისა და წილკნის 200 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული ჭარბი წყლისგან გათავისუფლდება
სოფლების – ძალისისა და წილკნის 200 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული ჭარბი წყლისგან გათავისუფლდება.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, წილკნის დამშრობი კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები მათმა შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარტში დაიწყო.
სისტემას ორმაგი დანიშნულება აქვს – ამავე სადრენაჟე კოლექტორიდან შესაძლებელია სარწყავი წყლის მიღება, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება აღნიშნული ტერიტორიის სარწყავი ფართობების წყლით უზრუნველყოფა. სამუშაოები, რომლის შედეგით სოფ. ძალისისა და წილკნის 220 მოსახლე ისარგებლებს, სარწყავი სეზონისთვის დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გოჩა ზეიკიძემ დაათვალიერეს.
2012 წლიდან დღემდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩატარებული სამელიორაციო ინფრატსრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 2 100 ჰექტრიდან 9 500 ჰექტრამდეა გაზრდილი.
დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, 23 ობიექტზე მიმდინარეობს სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია.