პუტინმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. აზერბაიჯანსა და არაღიარებულ მთიან ყარაბაღს შორის საზღვარზე მომხდარი შეტაკებები 2 აპრილს ღამით დაიწყო. არიან დაღუპულები და დაჭრილები.
როგორც პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის „პრეზიდენტმა მოუწოდა მხარეებს, ცეცხლი შეწყვიტონ, რათა ახალი მსხვერპლი არ დაუშვან და მსგავსი ქმედებებისგან მომავალში თავი შეიკავონ“.
რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებთან, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით სასწრაფო გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასევე ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერნაიჯანელ კოლეგებს, ლავროვმა მოუწოდა ორივე მხარეს, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადადგან ძალადობის შეჩერების მიმართულებით.
სააგენტო „არმენპრესის“ ცნობით, უახლოეს საათებში სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის თვითმფრინავი ერევანში დაეშვება, სარგსიანი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობდა. ამის შესახებ სომხურ სააგენტოს პრეზიდენტის პრესმდივანმა ვლადიმირ ჰაკობიანმა აცნობა. ორივე მხარე მოწინააღმდეგის დანაკარგებზე წერს. ერევანიც და ბაქოც აცხადებენ, რომ მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა პირველად გამოიყენა „ყველა ტიპის იარაღი და საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევაზე გადავიდა“.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა არცრუნ ოვანესიანმა განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპრატი და ტანკი გაანადგურეს. მანამდე ოვანესიანი ჩამოგდებული აზერბაიჯანული ვერტმფრენის შესახებ იუწყებოდა. ბაქოში ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს.
ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღი საბჭოთა კაშირის პერიოდში აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყო. 1988 წელს ამ რეგიონმა აზერბაიჯანიდან გასვლის შესახებ განაცხადა. 1989-1991 წწ. სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად მთიანი ყარაბაღიდან აზერბაიჯანეული მოსახლეობა განდევნილი იყო. აზერბაიჯანი მთაიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.