აზერბაიჯანი და სომხეთი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა შესახებ იუწყებიან

აზერბაიჯანი და სომხეთი 2 აპრილს ღამით არაღიარებულ მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შესახებ იუწყებიან.
მთიანი ყარაბაღის სამხედროების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან მომხდარი დაბომბვების შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა, ხოლო ორი ბავშვი დაიჭრა. ამ ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლი „გრადის“ ტიპის რეაქტიული დანადგარებიდნ გაიხსნა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა არცრუნი ოვანესიანმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ინტენსიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს.
მისი თქმით, „დაღუპულები ორივე მხარეს არიან. მოწინააღმდეგემ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენები დაკარგა“.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის ჯარის მიერ დაბომბვის შედეგად ჭურვი ტერტერის რაიონში საცხოვრებელ სახლს მოხვდა, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ. ამ ინფორმაციის მიხედვით, სახლის პატრონი დაიღუპა, ხოლო მისმა შვილმა ფეხები დაკარგა. სამხედროებს შორის დანაკარგზე არც ბაქო და არც ერევანი ამ დროისთვის ინფორმაციას არ ავრცელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები