გლდანის საარჩევნო ოლქში თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები დაინიშნა
გლდანის №10 საარჩევნო ოლქში, თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები დაინიშნა.
არჩევნები მიმდინარე წლის 22 მაისს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შესაბამისი განკარგულებით მიიღო.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 31 მარტის რიგგარეშე სხდომის №8 ოქმის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის №10.22 გლდანის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კობა კობალაძის, 2016 წლის 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“, – ნათქვამია განკარგულებაში.
ცესკო-ს განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს.