დავით ნარმანია: ევროკავშირი მნიშვნელოვან და საინტერესო ინსტრუმენტებს გვთავაზობს
თბილისის მერიაში ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტების, პროგრამებისა და პროცედურების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. ასევე, მერიის საქალაქო სამსახურებისა და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
პრეზენტაცია მიზნად ისახავს მერიის თანამშრომლებისთვის აღნიშნული დახმარებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და მერიის თანამონაწილეობის გაზრდას ევროკავშირის პროგრამებსა და პროექტებში.
„მისასალმებელია, რომ თბილისის მერიისთვის გაკეთდა აღნიშნული პრეზენტაცია. ევროკავშირი ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ინსტრუმენტებს გვთავაზობს. მათ კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენებთ მომავალში, ვინაიდან გვეცოდინება ყველა ის ინსტრუმენტი და ბერკეტი, რითიც შევძლებთ დამატებითი მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირისგან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ცალკეულ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებთან. აღნიშნული პრეზენტაცია დაგვეხმარება, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა და მათგან მეტი მხარდაჭერა მივიღოთ იმ რეფორმების პროცესში, რასაც ვახორციელებთ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალური მომსახურების მიწოდების სფეროებში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
პრეზენტაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გაიმართა. აღნიშნული სახის შეხვედრები თვითმმართველობების სხვა ერთეულებშიც გაიმართება.