დავით ნარმანია: ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლება აბსოლუტურად კანონიერია
თბილისის 40 ბაგა-ბაღის დირექტორების გათავისუფლების საკითხს თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მათი გათავისუფლება აბსოლუტურად კანონიერია.
როგორც დავით ნარმანიამ ბიზნესსექტორთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დირექტორების გათავისუფლება აუდიტის დასკვნის საფუძველზე მოხდა და ბაღების სააგენტომ გადაწყვეტილება იმ წესდების საფუძველზე მიიღო, რაც მისი საქმიანობის უმთავრესი საფუძველია.
„გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღო ბაღების სააგენტომ, აუდიტის დასკვნას ეფუძნება. სააგენტომ იმოქმედა თბილისის მერიის მიერ დამტკიცებული იმ წესდების საფუძველზე, რაც მისი საქმიანობის უმთავრესი საფუძველია. ამდენად, გათავისუფლებები აბსოლუტურად კანონიერი იყო. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაში, მათ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ“,- განაცხადა თბილისის მერმა.
ამ წუთებში თბილისის მერი დავით ნარმანია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე საუბარი იქნება მიმდინარე და ასევე დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით.