ემზარ ჯგერენაია პრემიერის წინადადებას ნოვატორულს უწოდებს
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული მოგების გადასახადის ტრანსფორმაცია, ნოვატორული წინადადებაა, რომლის ადაპტირება ბიზნესსაზოგადოებებში მიმდინარეობს.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბიზნესს თავს არ უნდა მოვახვიოთ წინადადებები, აქედან გამომდინარე, “ახლა მიმდინარეობს ბიზნესის წინადადებების შესწავლა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული რეფორმის დაწყება მხოლოდ ფინანსურ წელს დაემთხვეს”.
მიხეილ მაჭავარიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ მოგების გადასახადი არ გააუქმა, ჯგერენაია თვლის, რომ გაზვიადებულია.
„მთავრობამ მოგების გადასახადის ტრანსფორმაციის პროექტი წარმოადგინა, რომელიც გარკვეული ექსპერტიზის გასავლელად სხვადასხვა ბიზნესსაზოგადოებაში განიხილებოდა და ბიზნესსაზოგადოებამ, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესი შემოვიდა წინადადებით, რომ ეს არა ივნისში დაიწყოს, არამედ დაემთხვეს საბიუჯეტო წელს. ფინანსური წელი კი, ჩვენთან, იწყება პირველ იანვარს და 31 დეკემბერს მთავრდება. ამიტომ, მათი ეს წინადადება განიხილება. ყველაფერი დანარჩენი არის ნაჩქარევი განცხადებები. ეს ყველაფერი არის გაზვიადებული, იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესს უნდა დავუგდოთ ყური და ბიზნესი გვეტყვის, რა უნდა გავაკეთოთ. მთავრობის შეთავაზება უვარგისი არ არის”, – განაცხადა ექსპერტმა.
საპარლამენტო უმცირესობა პრემიერს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს – მიხეილ მაჭავარიანმა იმ ეკონომიკურ ცვლილებებზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ინფორმაციით, მთავრობამ არ გააუქმა მოგების გადასახადი და ამ კუთხით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კანონპროექტზე ბიზნესმა თავად თქვა უარი.