დავით უსუფაშვილი „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა“ ფორუმს გახსნის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 30 მარტს 10:30 საათზე „ნიმდის“ (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) მიერ ორგანიზებულ „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა“ ფორუმს გახსნის.
ფორუმზე სიტყვით გამოვლენ: დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ფილიპ ჰამონდი და ნიდერლანდების სამეფოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი აიმერტ ვან მიდელკოოპი.
ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ფორუმის განმავლობაში ახალგაზრდა პოლიტიკოსები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ჰოლანდიიდან განიხილავენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობისას მიღწეულ წარმატებებს და სამომავლო გამოწვევებს.
ფორუმის უნიკალური ფორმატი შესაძლებლობას იძლევა, შეკრიბოს სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების ახალგაზრდა პოლიტიკოსები მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან და უკრაინიდან. ფორუმი არის კრიტიკული პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის რეგიონის პოლიტიკური ელიტის მომავალ წარმომადგენლებს შორის.
ფორუმის მთავარი განსახილველი თემებია: საარჩევნო სისტემები და საკონსტიტუციო ცვლილებები; საარჩევნო კამპანიის წარმართვა და მედიის როლი დემოკრატიულ პროცესებში; ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.
სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობაში (ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი) 30-31 მარტს გაიმართება. ფორუმი ყოველწლიურია და თბილისში „ნიმდის“ (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) ორგანიზებით უკვე მეოთხედ იმართება.