ლევან იზორია: ჩვენ უარი ვთქვით, რომ საგანმანათლებლო ორგანოში სუს-ის წარმომადგენელი ყოფილიყო

კონკრეტულ პიროვნებაზე, ვისზეც ითქვა, რომ თითქოს აგრძელებს თსუ-ში მუშაობას, როგორც ე.წ. ოდეერი – არასწორია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების შესწავლის შედეგად ცხადი გახდა, რომ გარკვეული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საიდუმლოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, უსაფრთხოების სამსახურს ცალკეულ სახელმწიფო დაწესებულებასა და ზოგჯერ კერძო სტრუქტურებშიც კი, რომლებსაც ქვეყნისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს, შესაძლოა, თანამშრომელი ჰყოლოდა.
“ადრე კანონში იყო ასეთი ჩანაწერი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს შეეძლო ერთპიროვნულად გადაეწყვიტა, თუ ვინ იქნებოდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. რეფორმების განხორციელების დღის წესრიგში დავსვით საკითხი იმის შესახებ, რომ მომხდარიყო ამ ინსტიტუტის გაუქმება და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.
შევისწავლეთ დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება და კვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ გარკვეული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საიდუმლოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, უსაფრთხოების სამსახურს ცალკეულ სახელმწიფო დაწესებულებასა და ზოგჯერ კერძო სტრუქტურებშიც კი, რომლებსაც ქვეყნისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს, შესაძლოა, თანამშრომელი ჰყოლოდა. როცა ამ ინსტიტუტს ვაყალიბებდით, ორიენტირი გვქონდა ამ პრაქტიკაზე. საკანონმდებლო რეალობიდან გამომდინარე, ჩვენთან ასეა, ცალკეულ სტრუქტურებთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობით უნდა განსაზღვრულიყო სუბიექტთა წრე, სადაც იქნებოდა უსაფრთხოების მაღალი რისკი “, – განაცხადა ლევან იზორიამ.
როგორც სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, სუბიექტთა წრეს არა სუს-ის ხელმძღვანელი, არამედ მთავრობა წყვეტს და, შესაბამისად, ის გაცილებით მაღალი ლეგიტიმაციის მქონეა.იზორიას განმარტებით, სუს-მა კატეგორიული უარი თქვა, რომ საგანმანათლებლო ორგანოში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ყოფილიყო.
“რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ჩვენ კატეგორიულად უარი ვთქვით, რომ საგანმანათლებლო ორგანოში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ყოფილიყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქაც არ არსებობს გარკვეული საფრთხეები, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. მაგალითად, როცა უცხო ქვეყნიდან, ისეთიდან, სადაც ძალიან მოიკიდა ფეხი ტერორიზმმა, არიან სტუდენტები, საინტერესოა, რა მიზნით არიან, რა სპეციფიკით, რა განზრახვებით არიან ჩამოსულები. გამომდინარე იქიდან, რომ ავტონომიურობის მაღალი ხარისხი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ე.წ. ოდეერი ინსტიტუტებში არ იყოს”, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ.
იზორია ბათუმისა და თელავის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ სასწავლებლებში ე.წ. ოდეერები მუშაობენ.
“ამ კონკრეტულ პიროვნებაზე, ვისზეც ითქვა, რომ თითქოს აგრძელებს თსუ-ში მუშაობას, როგორც ე.წ. ოდეერი – არასწორია. ის, როგორც ე.წ. ოდეერი, ირიცხებოდა ჩვენთან 2015 წლის აგვისტომდე, თუმცა მას შემდეგ ის უბრალოდ კანცლერის მოადგილე იყო. თუ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, დაეტოვებინა ის, მეგობრობის თუ სხვა ურთიერთობიდან გამომდინარე, ეს მისი პრეროგატივა იყო. განცხადებები გაკეთდა ასევე ბათუმის და თელავის უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, იქ ერთ-ერთი არის ჩვენი თანამშრომელი, მაგრამ მას არავითარი შეხება არ აქვს უნივერსიტეტის საქმიანობასთან, ის არის დოქტორანტი. გარწმუნებთ, სუს-საც ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც დისერტაციებს იცავენ და აქვთ აკადემიური ამბიციები, შესაბამისად, ყველას აკადემიურ საქმიანობას ვერ გავაიგივებთ სუს-ის საქმიანობასთან”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები