სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა უსაფრთხოების სამსახურის 86 თანამშრომელს დაეკისრა

2015 წლის 1- ლი აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც განსახილველად პარლამენტს დღეს წარედგინა.
ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა უსაფრთხოების სამსახურის 86 თანამშრომელს დაეკისრა – მათ შორის იყო სამსახურიდან დათხოვნის – 4, სასტიკი საყვედურის – 18, საყვედურის – 9, შენიშვნის – 7 ფაქტი.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განსაკუთრებული მისია აკისია, რაც მისი თანამშრომლებისგან გამორჩეულ პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელთა საქმიანობა განხორციელდეს კანონის საფუძველზე, მაღალი პროფესიული სტანდარტით, კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობითა და ეთინიკის ნორმების დაცვით.
სამსახური საკუთარი თანამშრომლების განვითარებასა და კარიერულ წინსვლასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენას, მათ შორის დისციპლინარული გადაცდომების აღმოფხვრას, დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლს, მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმებას”, – ნათქვამია სუს-ის საანგარიშო დოკუმენტში.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საშტატო რაოდენობა 3850 ერთეულით განისაზღვრება. 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უწყებაში დასაქმებული იყო 3633 მოსამსახურე, მათ შორის – 495 ქალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები