სუს-ი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს
დღეის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ლევან იზორიამ წარადგინა.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამგზავრების პრევენციის მიზნით, საანგარიშო პერიოდში მუდმივად ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები.
ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში, კონტრტერორისტული მიმართულებით, შსს-სთან თანამშრომლობით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1286 პირი, ხოლო 1014-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა.
“საქართველოს მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამგზავრების პრევენციის მიზნით, საანგარიშო პერიოდში მუდმივად ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები. გამგზავრების შესახებ წინასწარი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახური იღებდა შესაბამის ზომებს (მათ შორისაა “პროფილაქტიკური საუბრები”). სუს-სა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის მუდმივად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სასაზღვრო კონტროლზე დაყენებულ იქნა რამდენიმე ასეული პირი. მთლიანობაში, კონტრტერორისტული მიმართულებით, შსს-სთან თანამშრომლობით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1286 პირი, ხოლო 1014-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღკვეთილია საქართველოს მოქალაქეთა კონფლიქტის ზონაში გამგზავრების მცდელობის 40 ფაქტი. ტერორისტული საქმიანობისთვის ქვეყნიდან გამგზავრებისა და შემოსვლის პრევენციის მიზნით, შსს-სთან თანამშრომლობით სათანადოდ ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი. ხდება ვიზიტორებთან გასაუბრება. ყველა სასაზღვრო-გამტარი პუნქტი აღჭურვილია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების/ნივთიერებების დეტექტორებით“, -აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება საზღვრის მართვაში ჩართული უწყებების თანამშრომელთა ტრენინგი, მათ შორის ყალბი სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენის სფეროში.