ლევან იზორია: ტერორისტული მიზნებით საქართველოს მოქალაქეების გადინებას ბოლო პერიოდში პრაქტიკულად ადგილი არ აქვს

ტერორისტული მიზნებით საქართველოს მოქალაქეების გადინებას ბოლო პერიოდში პრაქტიკულად ადგილი არ აქვს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს ისმენენ.
“თანამედროვე ტიპის ტერორიზმს ლოკალური ხასიათი არ აქვს. მას აქვს განგრძობითი ხასიათი და არა ერთი კონკრეტული ქვეყნის ან პოლიტიკოსის მიმართ, არამედ იმ საერთო ღირებულებების და დასავლური ცხოვრების წესის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლის თანაზიარი და ერთგული ჩვენც ვართ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ცალკეული მოქალაქეები, სამწუხაროდ, მონაწილეობენ საერთაშორისო ტერორიზმში, ჩვენთვისაც გამოწვევად რჩება ტერორიზმთან ბრძოლა. ეს ბრძოლა დაკავშირებულია როგორც მათ გამოვლენასთან, დაკავებასთან, ასევე პრევენციული ღონისძიებების გატარებასთან”, – განაცხადა იზორიამ.
მისი თქმით, გარკვეული ღონისძიებები გატარდა ამ პირთა გამოვლენისა და დაკავების მიზნით; გამოძიება დაიწყო “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლის აიუფ ბორჩაშვილისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ;
2015 წლის საანგარიშო პერიოდში ოპერატიული ღონისძიებები გატარდა აჭარასა და გურიაში, სადაც დაკავებულ იქნა 4 პირი და სხვა.
“ბუნებრივია, არა მარტო ქვეყნის შიგნით ხდება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ვადგენთ იმ პირთა მონაცემებს, ვინც მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმში. დაკავებულ იქნა ჯიჰადისტი, რომელიც დაბრუნდა თურქეთიდან – დავით ბორჩაშვილი; სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მთელ რიგ პიროვნებებზე, რომლებზეც ინფორმაცია გვაქვს, რომ საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობენ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მისივე თქმით, პრევენციულ ბრძოლაში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა გადამწყვეტია.
სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად გააჩნია მოცულობითი სია, თუ ვინ შეიძლება პოტენციურად იყოს ტერორისტი ან საფრთხის შემცველი და მათზე საზღვარზე არდაშვების რეჟიმი ვრცელდება.
“მოხდა მთელი რიგი სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის, ე.წ. იოლი სამიზნეების პასპორტიზაცია, რათა მოხდეს დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა თავშეყრის ადგილებში. ჩვენ ოპერატიული თვალსაზრისით გარკვეულ პროფილაქტიკურ ღონისძიებებსაც ვახორციელებთ. ამის შედეგია ის, რომ ბოლო პერიოდში, განსხვავებით წინა პერიოდისგან, პრაქტიკულად ადგილი არ აქვს საქართველოს მოქალაქეების გადინებას საქართველოს ტეროტორიიდან ტერორისტული მიზნების განხორციელების მიზნით”, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები