ირაკლი სესიაშვილი: თუ ვინმეს სურს, რაღაც დამატებით ინტერესში დამადანაშაულოს, უსინდისოა

თუ ვინმეს სურს, რომ მე რაღაც დამატებით ინტერესში დამადანაშაულოს, მარტივად რომ ვთქვა, უსინდისოა, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ე.წ.კაბელების საქმეზე სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა. სესიაშვილის თქმით, თავად ლობირებდა იმ მნიშვნელოვან იდეას, რაც ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას მოემსახურებოდა.
“მე ვლობირებდი იმ ძალიან მნიშვნელოვან იდეას, რაც ქვეყნის თავდაცვის უსაფრთხოებას მოემსახურებოდა. ეს იყო ძალიან საინტერესო პროექტი, მით უმეტეს, შეთავაზება იყო, რომ ის უფასოდ გაკეთდებოდა და თუ ვინმეს სურს, რომ მე რაღაც დამატებით ინტერესში დამადანაშაულოს, მარტივად რომ ვთქვა, უსინდისოა. ამ შემთხვევაში მე ვლობირებდი მხოლოდ კარგ იდეას, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებდა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კომპანია სპეცკავშირმშენის წარმომადგენლის, ავთანდილ ჭოლოკავას სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ, სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს გამოძიებით არ დადასტურებულა და თუკი ეჭვი არსებობდა ამის თაობაზე, ეს თავად თავდაცვის სამინისტროს უნდა შეემოწმებინა.
“როგორც ჩანს, შემოწმებისგან თავი შეიკავეს, რადგან ნახეს, რომ დაშვება ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე და ბევრი პროექტი ჰქონდა განხორციელებული. ეს არგუმენტი თითიდან გამოწოვილია. მე მიმაჩნია, რომ არასწორი იყო, როცა ამ პროექტს უარი ეთქვა, რადგან სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ხარჯებს დაზოგავდა”, – განაცხადა სესიაშვილმა.
სასამართლო პროცესი, სადაც ირაკლი სესიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობდა, დახურული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები