უკრაინის უმაღლესმა რადამ გენპროკურორის გადადგომას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ვიქტორ შოკინის გადადგომას. ამ გადაწყვეტილებას 289 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. შოკინს ხშირად აკრიტიკებდნენ კორუფციასთან არაეფექტური ბრძოლის გამო, რაც ქვეყანაში რეფორმების ჩატარებას ხელს უშლიდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მიმდინარე წლის თებერვალში ვიქტორ შოკინს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გადადგომისკენ მოუწოდა. ვიქტორ შოკინი პროკურატურის ორგანოებში 1980 წლებიდან მუშაობს. უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ის 2015 წლის თებერვალში დაინიშნა. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიქტორ შოკინმა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან დავით საყვარელიძე გადააყენა.