გია ვოლსკი “რესპუბლიკელებზე”: მთავარი კომიტეტი გადაწყვეტს, უნდათ თუ არა ჩვენთან ერთად წინასაარჩევნო ბლოკში გამოსვლა
მათი მთავარი კომიტეტი შეიკრიბება და გადაწყვეტს, როგორ რეჟიმში აგრძელებენ ჩვენთან ურთიერთობას – უნდათ თუ არა ჩვენთან ერთად წინასაარჩევნო ბლოკში გამოსვლა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ “რესპუბლიკური პარტიის” მიერ კოალიციის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიასა და კოალიციას შორის მთავარი პოზიციები უნდა გამოიკვეთოს.
“არცერთ სუბიექტს, მათ შორის, არც ჩვენ – ყველაზე დიდ პარტიას, არ უნდა, რომ განცხადება გააკეთოს ისე, რომ არ ჰქონდეს შეთანხმებული გუნდის წევრებთან, კონფერენციაზე არ იყოს განხილული. ასეა “რესპუბლიკური პარტიაც”. მათი მთავარი კომიტეტი შეიკრიბება და გადაწყვეტს, როგორ რეჟიმში აგრძელებენ ჩვენთან ურთიერთობას – უნდათ თუ არა ჩვენთან ერთად წინასაარჩევნო ბლოკში გამოსვლა. მაგრამ სანამ ეს სურვილი იქნება გამოხატული ნებისმიერი სუბიექტისგან, მთავარი პოზიციები უნდა გამოიკვეთოს – სად გვაქვს ერთიანობა და სად კომპრომისების მეშვეობით შესაძლოა, დავუშვათ ერთიანობა. თუ ეს კომპრომისები არ არის შესაძლებელი, ვერ იქნება ერთიანი ბლოკი წინასაარჩევნოდ. რაც შეეხება კოალიციას, ვფიქრობ, ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს უნდა გავუფრთხილდეთ და ვიყოთ უმრავლესობაში. იქნება ეს უმრავლესობა კოალიციის ფორმატში შენარჩუნებული თუ არაკოალიციურად იქნება უმრავლესობის 88 ადამიანი, უახლოეს დღეებში გვეცოდინება”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.