ირაკლი პეტრიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს აკრიტიკებს და პაპუაშვილს მიმართავს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს ღია წერილით მიმართავს და საკონსტიტუციო სასამართლოს მწვავედ აკრიტიკებს.
წერილის მიხედვით, ირაკლი პეტრიაშვილი საქმეზე, რომელიც შეეხება საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული სამუშაო დროის მარეგულირებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (შრომის კოდექსის მე-14 მუხლი), გადაწყვეტილების გამოტანას მოითხოვს.
როგორც პეტრიაშვილი აცხადებს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანას ოთხი წელია უშედეგოდ ითხოვს.
მათი განცხადებით, გასული ოთხი წლის განმავლობაში ასობით ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ისევ შეილახა და ათასობით ადამიანს ზიანი მიადგა.
“სამი წლის წინ, გადაწყვეტილების გამოსატანად გასული კოლეგია, სასამართლო დარბაზში ჯერაც არ დაბრუნებულა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის არ უცნობებია – რა გადაწყვიტა საქმეზე, რომელსაც მანამდე კიდევ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეცნობოდა და იხილავდა… გასული ოთხი წლის განმავლობაში კი ასობით ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ისევ შეილახა და ათასობით ადამიანს ზიანი მიადგა.
ეს არ არის კერძო სამართლებრივი დავა, ეს არის დავა, რომელიც ათასობით ადამიანის ცხოვრების და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის წამოვიწყეთ, რადგან ნორმა, რომლის გაუქმებასაც ვითხოვთ, წინააღმდეგობაში მოდის ცივილიზებული სამყაროს საერთშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან.
ახლა 2016 წელია და ჩვენ უკვე ოთხი წელია ვითხოვთ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული სამუშაო დროის მარეგულირებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (შრომის კოდექსის მე-14 მუხლი). შესაბამისი სარჩელი, რომელიც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, მოსარჩელეებთან ილია ლეჟავასა და ლევან როსტომაშვილთან ერთად მოამზადა, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 2013 წლის 15 ოქტომბერს მიიღო. 2014 წლის ივლისში კი საქმის არსებითი განხილვა დაასრულა და გავიდა გადაწყვეტილების გამოსატანად. მიუხედავად საკითხის აქტუალობისა, მომატებული საზოგადოებრივი ინტერესისა და მასშტაბისა იმდენად, რამდენადაც ეს ეხება ყველა დასაქმებულ ადამიანს, სასმართლოს სადაო საკითხზე დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება.
ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როცა არაერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული თუ საზოგადოებისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო, დიდი ინტერესის მქონე სხვა საქმის განხილვა, სასამართლოში კვირის განმავლობაში რამდენჯერმეც კი ჩანიშნულა, გადაწყვეტილებაც უმოკლეს ვადებში გამოუტანია, მოსარჩელე ხან გაუმართლებია, ხან გაუმტყუნებია…
ჩვენ და ათასობით დასაქმებული კი ოთხი წელია გადაწყვეტილებას უშედეგოდ ველით… რაც შეეხება კონკრეტულად საქმეს, აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც ვითხოვთ, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. თუმცა ამავე მუხლით, კანონმდებელმა შემოიტანა «სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოს“ ცნება, დაადგინა ბუნდოვანი რეგულაცია და ნორმირებულ სამუშაო კვირად განსაზღვრა 48 საათი, იმ საწარმოებისთვის, სადაც შრომითი პროცესი ითვალისწინებს „8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს“.
მოგვიანებით კი, მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივად ეკონომიკის ყველა დარგი მიაკუთვნა „სპეციფიკურ რეჟიმს“, რამაც გამოიწვია ის, რომ დამსაქმებელს დარჩა გაუმართლებლად ფართო დისკრეცია, ცალმხრივად განესაზღვრა საწარმოს სპეციფიკა და მისი მუშაობის რეჟიმი.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, აღნიშნული რეგულაცია შრომის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპის საწინააღმდეგოდ მიიჩნია და დასაქმებულთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად მიიჩნია და 2013 წლიდან, სასამართლოსგან ელოდება ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაო და მასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურება წარმოადგენს არაერთი შრომითი დავის საფუძველს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და არაერთი მასშტაბური გაფიცვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს საკითხს.
ამ პირობებში კი, სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს საკანონმდებლო დონეზე არსებული პრობლემის აღმოფხვრისთვის. გადაწყვეტილების გაჭიანურება დასაქმებულებს ზიანს აყენებს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უმოკლეს ვადებში გამოიტანოს გადაწყვეტილება, რათა მოხდეს დასაქმებულთა შელახული უფლებების აღდგენა კანონმდებლობის სრულყოფის გზით“, – აცხადებს პეტრიაშვილი.