“რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგის თითოეული კომპონენტი უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ ოთხპუნქტიანი დღის წესრიგის თითოეული კომპონენტი უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
„ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგის თითოეული კომპონენტი უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის: საგადასახადო ლგოტები, ინფრასტრუქტურა, მმართველობის სისტემა, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ოთხივე კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია ზრდის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველსაყოფად. წელს, მოველით 3-3,5 პროცენტიან ზრდას, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი მიაღწევს 5,5-6 პროცენტს“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე ისაუბრა ირანისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. „თქვენ გააუქმეთ სავიზო შეზღუდვები ირანის მოქალაქეთათვის. შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს უსაფრთხო და ეფექტიან გზად ამ დიდ, მზარდ ბაზარზე გასასვლელად?“, – მიმართა ჟურნალისტმა პრემიერს. „ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო უნდა იყოს ევროპელი ინვესტორებისთვის, რადგან რეგიონში არის ქვეყანა, რომელიც მათ სთავაზობს ბაზას რეგიონისა და მის მიღმა მყოფ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის. საქართველო და მისი ინფრასტრუქტურა სათანადოდ უნდა იყოს მზად ამისთვის. სწორედ ამიტომაც არის საქართველოში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენი ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბლოკი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.