ტრისტან წითელაშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება მისცა

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ტრისტან წითელაშვილი მთავარ პროკურატურაში დაზარალებულის სტატუსით დაჰკითხეს.
ჯაშუშობაში ბრალდებით გასამართლებული ტრისტან წითელაშვილი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავარმა პროკურატურამ მის საქმესთან დაკავშირებით ხელახალი გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, საგამოძიებო ნაწილში საქმე აღძრულია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებსაც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტება და პირის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა ბრალდებათ.
როგორც „კვირას“ ტრისტან წითელაშვილმა განუცხადა, მან ჩვენება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მისცა. პოლიტპატიმრით სტატუსით გათავისუფლებულმა ტრასტან წითელაშვილმა ჩვენება დათა ახალაიას, ერეკლე კოდუას, ლევან ტაბიძისა და შალვა ჟღენტის წინააღმდეგ მისცა.
„დაკითხვა 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა. გამომძიებელს კითხვები ჰქონდა 2008 წლის 26 აგვისტოს, ჩემი დაკავების გარშემო. თუ როგორ მოხდა ჩემი დაკავება, რა ვითარებაში ჩამომართვეს მათთვის საურველი ჩვენება, როგორ მოხდა ჩემ მიმართ ბრალის წარდგენა და შემდგომ, როგორ გამოიტანა მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა განაჩენი. სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენება მივეცი დათა ახალაიას, ერეკლე კოდუას, შალვა ჟღენტის, ლევან ტაბიძის და კიდევ ბევრი პირის მიმართ, ვინც ჩემ მიმართ უკანონობა ჩაიდინა. გამოძიების პროცესში დაიკითხება ის რიგითი ოპერ-მუშაკი, ვინც მე დამაკავა. ის გამომძიებელი, რომელმაც ჩემი საქმე „შეკერა“, რის გამოც ჯაშუშობა დამაბრალეს. არ გამოვრიცხავ, რომ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილიც დაიკითხოს. სწორედ მან გამოიტანა ჩემს წინააღმდეგ უკანონო განაჩენი და 7 წელი და 6 თვე მომისაჯეს. ვფიქრობ, საქმის ხელახალი გამოძიებით ბევრ რამეს აეხდება ფარდა“, – აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტრისტან წითელაშვილი 2008 წლის ზაფხულში დააკავეს. როგორც თავად აცხადებს, ის ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის მას შემდეგ დააკავეს, რაც მისგან სათანადო ჩვენება ვერ მიიღეს.
„2008 წლის 26 აგვისტოს სახლიდან ვიყავი გატაცებული კონტრდაზვერვის მიერ. „მოდულის“ შენობაში, ზეწოლის ქვეშ ვიყავი. ლევან ტაბიძე კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე, კონტრდაზვერვის დირექტორი შალვა ჟღენტი, ვასახელებ გამტაცებლებსაც – დაჩი ჯაფარიძე, ზურაბ ასლამაზაშვილი, რომელიც დღეს გენერალური შტაბის ადმინისტრაციის უფროსია, რუსლან იოსელიანი, რომელიც სოდ-ის წარმომადგენელი იყო. ამ ყველაფერს მე სასამართლო პროცესზეც ვამბობდი. 28 აგვისტოს კი არ დამაპატიმრეს, 26 აგვისტოს ვიყავი გატაცებული“, – აცხადებს წითელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები