„კომერსანტი“ – რუსი ტურისტები თურქეთის ნაცვლად წელს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩავლენ
თურქეთის ნაცვლად რუსი ტურისტები წელს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩავლენ. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ წერს.
რუსული გაზეთის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩასვლის მსურველთა რაოდენობა სულ მცირე 50%-ით გაიზარდა. ტურისტული კომპანია „დელფინის“ წარმომადგენლის, სერგეი რომაშკინის განცხადებით, მხოლოდ საგზურებით მიმდინარე წელს რუსეთიდან საქართველოში 200-დან 300 ათასამდე ტურისტი ჩავა.
კომპანია DaTravel.com-ის გენერალური დირექტორი ვლადისლავ შევცოვი აცხადებს, რომ თბილისსა და ბაქოში მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში გაყიდული ბილეთების რაოდენობა შარშანდელს სამჯერ აღემატება. მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე ბათუმში დაჯავშნილი საგზურების რაოდენობა. 2015 წელთან შედარებით ის 3,2-ჯერ გაიზარდა. რუსეთის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამ ფაქტს თურქეთში არსებული დაძაბული მდგომარეობით და მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობების გაუარესებით ხსნიან.