„2012 წელს ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე გაიცემოდა მოსმენის ნებართვა, რაზეც არცერთ შემთხვევში არ შეიძლებოდა“

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებით, 2012 წელს ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე გაიცემოდა მოსმენის ნებართვა, რაზეც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.

ახვლედიანი გაზეთ “ალიასთან“ ინტერვიუში კონკრეტულ საქმესაც ასახელებს.
“ასეთი ვიდეოკადრების გადაღება, რაც კი არსებობს, შეუძლებელია კანონიერად მოხდეს. მაგალითად, სანამ რუსთავში ვმუშაობდი, არ მახსოვს, მსგავსი გადაწყვეტილება მიგვეღო, თუ ადამიანზე არ არის აღძრული სისხლის სამართლის დევნა, სასამართლომ, რის საფუძველზე უნდა გასცეს გადაღების ან მოსმენის ნებართვა? – ეს გამორიცხულია. ჯერ ერთი, როცა იღებ ან ისმენ, დანაშაულის რაღაც საფუძველი უნდა არსებობდეს, რასაც შესაბამისი ორგანო იძიებს. დღეს ვისზეც არის საუბარი, ამ ადამიანების მიმართ იყო სისხლის სამართლის საქმეები აღძრული? არ იყო და, შესაბამისად, ვერც ნებართვა გაიცემოდა. ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს მსგავსი გადაწყვეტილებები. ამის დადგენა საზოგადოებას ძალიან იოლად შეუძლია, არ იყო საქმე აღძრული და არსებობს ვიდეოკადრები? ესე იგი, უკანონოა. როდესაც მე 2012 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გადმოვედი,ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე გაიცემოდა მოსმენის ნებართვა, რაზეც არცერთ შემთხვევში არ შეიძლებოდა.
მაგალითად, ვიღაც ყოფილმა პატიმარმა,რომელიც იჯდა ნარკოდანაშაულზე, მისცა ჩვენება და ამის გამო 15 ნომერზე ითხოვდნენ ჩართვას,მოსმენა გვინდაო. დასაბუთება იყო ასეთი: მე ვარ ყოფილი პატიმარი, ნარკოდანაშაულისთვის მოვიხადე სასჯელი და ჩემი ძველი მეგობრები ცდილობენ,ისევ ჩამითრიონ ამ წრეში, მე კიდევ აღარ მინდა ეს საქმიანობაო. ერთ-ერთმა დამიბარა, შემომთავაზაო, ამ დროს ვიღაცამ დაურეკა, გავიდა გარეთ “ბლოკნოტი“ დარჩა მაგიდაზე და მისი ჯგუფის ყველა წევრის ტელეფონის ნომერი იქ ეწერა, მე 15 ნომერი გადმოვწერე და ახლა ყველა დააყენეთ მოსმენაზეო. აი ასეთ საქმეზე შეიძლება, რომ გაიცეს მოსმენის ნებართვა“, – აცხადებს მამუკა ახვლედიანი.
მისი თქმით, ამ საქმეზე ნებართვა გაცემული იყო. “კი, არსებობდა ასეთი საქმეები და გაიცემოდა წინა პერიოდში“, – აცხადებს ახვლედიანი.
ცნობისთვის მამუკა ახვედიანს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია 2007-2012 წლებში ეკავა. შემდეგ კი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები