საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ბაღდათში მე-16 სალოტბარო სკოლას ხსნის
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესს განაგრძობს. 29 მარტს, 15:00 საათზე, ბაღდათის ახალგაზრდული ცენტრის შენობის სააქტო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნება და ფუნქციონირებას დაიწყებს რიგით მე-16 სალოტბარო სკოლა.
ღონისძიებას დაეწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელები და საპატიო სტუმრები, იმერეთის მხარის გუბერნატორი, მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურულ დაწესებულებათა წარმომადგენლები, იმერეთის მხარის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი და ეპარქიის სხვა წარმომადგენლები.
ცერემონიალის დასასრულს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც განაპირობებს სალოტბარო სკოლის ეფექტურ ფუნქციონირებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
„ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს ახალგაზრდა თაობაში და რევაზ ლაღიძის, ჯანსუღ კახიძის და ვალერიან ქაშაკაშვილის მშობლიური კუთხე თავის სათქმელს იტყვის ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში,“ – აღნიშნავს ბაღდათის სალტბარო სკოლის ხელმძღვანელი კახა ღონღაძე.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 15 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს კი მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. კერძოდ, სკოლების გახსნა ბაღდათის გარდა, უკვე დაგეგმილია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, ონისა და ცაგერის რაიონებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტები არიან დასაქმებულნი, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, 2001 წელს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული ტრადიციული ქართული სიმღერის გადარჩენის, მოვლისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა ეტაპობრივად დაიწყო. 2016 წლისათვის დაგეგმილია ყველა სალოტბარო სკოლისათვის საკრავებისა და ინვენტარის შეძენა და ინფრასტრუქტურის გამართვა. წარმომადგენლობების (ცენტრების) საქმიანობის ძირითადი მიზანია: ეთნოფორებთან მუშაობა, ფოლკლორული მასალების მოძიება, ჩაწერა-დაფიქსირება, არქივის შექმნა და ბაზის გამდიდრება. ადგილობრივი ცენტრების საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მხარეა მომავალი თაობისათვის სწავლება, ადგილობრივი კადრებისა და სპეციალისტების აღზრდა, ქართულ ფოლკლორში კუთხურობის შენარჩუნება და დამკვიდრება. ამ მიზნით, უკვე გახსნილ წარმომადგენლობებში შექმნილია სალოტბარო სკოლები – სიმღერა-გალობა და ქორეოგრაფიული განყოფილებები, მალე გაიხსნება ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოები.
R