„ტური ოპერაში“ – პრესკონფერენცია გაიმართება

დღეს, 13:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერაში დაგეგმილ ტურებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. დეტალებზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ისაუბრებენ.
ყოველ შაბათს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება ორენოვანი და თემატური ხასიათის ტურები, ყოველ ხუთშაბათს კი თეატრი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებს. მომდევნო კვირიდან თეატრის გიდი დაინტერესებულ პირთა ჯგუფს დაათვალიერებინებს ოპერის უნიკალურ შენობას.
ექსკურსიასთან ერთად კი გააცნობს თეატრის შიდა სამზარეულოს.
სტუმრებს ექნებათ საშუალება, მოინახულონ კულისები, საგრიმიოროები, საორკესტრო ორმო, დაესწრონ მიმდინარე რეპეტიციებს.
პრესკონფერენციას, ასევე, დაესწრებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ოპერის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ოპერის თეატრის მუზეუმის დირექტორი რუსუდან დაუშვილი, მისი მოადგილე ელისო ჯულაყიძე. პირველი ტური ოპერის თეატრში მოეწყობა შაბათს, 2 აპრილს, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.
დაინტერესებულ პირთა რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს 20 და არაუმცირეს 7 ადამიანისა, რაც სრულყოფილი ტურის ჩატარების აუცილებელი პირობაა. ყოველი ხუთშაბათი იქნება საბავშვო, სასკოლო ტურების დღე. სკოლის მოსწავლეების რაოდენობა სასურველია არ აღემატებოდეს 30-ს. თეატრის სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ ოჯახები და პენსიონერები. 6 წლამდე ბავშვებისთვის ტური უფასოა. კლასიკურის გარდა თეატრში თემატური ტურებიც მოეწყობა. კერძოდ, ბალეტომანებს „პუანტების“, ოპერის მოყვარულებს „პრიმადონას“, ორკესტრითა და დირიჟორით დაინტერესებულებს კი „უვერტიურისა“ და „მაესტროს“ ტურის არჩევა შეეძლებათ.
პირველი ქართულენოვანი ტური ოპერაში 2 აპრილს, 12.00 საათზე, ხოლო ინგლისურენოვანი – 13.00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები