გიორგი ჯინჭარაძემ უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მოხსენებაში გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა საბიუჯეტო რესურსების ეფექტურ განკარგვასა და იმ პროგრამებზე, რომლებიც ოკუპაციის პირობებში დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად, 2025 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელი საბიუჯეტო მაჩვენებლების უპრეცედენტო ზრდით გამოირჩეოდა.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამშვიდობო ინიციატივების, ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელდა არაერთი პროექტი, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის დიალოგის გაღრმავებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.
მოხსენების შემდეგ, გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის პრიორიტეტებზე და მთავრობის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. ასევე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
უმაღლესმა საბჭომ მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა.
აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.