ნოდარ ებანოიძე: უნდა დავიცვათ მომხმარებელთა უფლებები ისე, რომ ბიზნესსაც აზრი ჰქონდეს
ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” წევრ ნოდარ ებანოიძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინსესხების რეგულაცია საკანონმდებლო დონეზე აუცილებელია.
დეპუტატის განმარტებით, ონლაინსესხების აკრძალვების შესახებ საუბარი, არასერიოზულია. მისი თქმით, უნდა მოხდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვა ისე, რომ ბიზნესსაც აზრი ჰქონდეს. მისივე თქმით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, გარკვეულწილად, არსებობს რეგულაციები, თუმცა – ძალიან სუსტი, რომელიც მიკროაფინანსო ორგანიზაციებს განვითარების საშუალებას არ ძლევს.
„მე მქონდა ონლაინსესხების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და მათი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაა, ასევე, შევხვდით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს, როდესაც ვთხოვეთ, საექსპერტო დახმარება გაეწიათ ამ კუთხით. საჭირო არ არის ქარის წისქვილებთან ბრძოლა, ამას სჭირდება სწორად დაგეგმვა და გათვლა: ერთი, რომ არ დაზარალდეს მომხმარებელი და მეორე მხარეა, რომ ეს ბიზნესია. უნდა დავიცვათ მომხმარებელთა უფლებები ისე, რომ ბიზნესსაც აზრი ჰქონდეს. ლაპარაკი, რომ ონლაინსესხი ავკრძალოთ, არასერიოზულია“,- განაცხადა ებანოიძემ.
დეპუტატის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი მზად არის, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა გაიმართოს, თუმცა რაიმე პროდუქტი თუ იცინიატივა ჯერ არ არსებობს.