თეატრის საერთაშორისო დღეს „ეროვნული იმპერატივა“ ღონისძიებებს დევნილთა დასახლებაში გამართავს
27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივა“ წელს პირველად ერთგვარად სოციალური აქციის ფუნქციას შეითავსებს.
როგორც გაერთიანების წარმომადგენელმა გიორგი სავანელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ისინი შეეცდებიან, ერთი დღე ფრეზეთის დევნილთა დასახლების მცხოვრებლებს გაულამაზონ და თეატრის ზღაპრულ სამყაროში შეახედონ.
დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დევნილთა დასახლების სარიტუალო დარბაზში სხვადასხვა ვორკშოპი, გამოფენა და სემინარი მოეწყობა.
„სხვადასხვა აქტივობა განვახორციელეთ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია რეგიონების ახალგაზრდობა და დევნილი ახალგაზრდობა, რომელთაც, სამწუხაროდ, სხვა მოწყვლადი ჯგუფებისგან განსხვავებით, ნაკლები ყურადღება ექცევათ. 27 მარტს ვგეგმავთ, ღონისძიება განვახორციელოთ ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, რომელიც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული დასახლებაა.
კოდაში, კარალეთში და წეროვანში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. რაც შეეხება ღონისძიებას, აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გადანაწილდება. დაიწყება 12 საათზე, იქნება მისასალმებელი სიტყვა და გაიხსნება თეატრის ინვენტარის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველანაირი ის აქსესუარი თუ დეტალი, რომლითაც თეატრალური ხელოვნება იქმნება.
წავიკითხავთ ანატოლი ვასილევის მიმართვას, რომელიც ყოველ წელს ვრცელდება და ერთგვარი მსოფლიო მესიჯია. მისი ქართული თარგმანი ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ გვაქვს განხორციელებული.
ამავე ღონისძიების ფარგლებში მსახიობები ჯემალ ღაღანიძე და გურანდა გაბუნია ახალგაზრდებს მიმართავენ სიტყვით, მოუყვებიან თეატრის დანიშნულების, მისი ფუნქციის შესახებ. პირველ ნაწილში იქნება ვორკშოპი, სადაც აუდიტორია ჩაერთვება.
ეს იქნება მხატვრული კითხვა, სადაც ისინი საკუთარ თავზე გამოცდიან, თუ რა პროცესს გადის მსახიობი სპექტაკლის თუ ამა თუ იმ მხატვრული ნაწარმოების მზადებისას. ამავე დღეს გაიმართება სემინარი თეატრის მსოფლიო ისტორიის შესახებ და ვორკშოპი მსახიობის ოსტატობაზე, რომელიც ასევე აუდიტორიის ჩართულობით იქნება. გვინდა, მოზარდები და ახალგაზრდები ერთი დღე მაინც მოვწყვიტოთ ყოფილ პრობლემებს და თეატრის ჯადოსნურ სამყაროში გადავიყვანოთ. ღონისძიებები ფრეზეთის დევნილთა დასახლების სარიტუალო დარბაზში გაიმართება“,- აღნიშნა გიორგი სავანელმა.