თემო გოცაძის 75 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეაში საქართველოს სახალხო მხატვრის, თემო გოცაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება, ასევე მოეწყობა მხატვრის კატალოგის პრეზენტაცია.
გამოფენა დაფინანსდა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ, ხოლო კატალოგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
მასშტაბურ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შექმნილი კოლექცია სახელწოდებით: „ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციებამდე“ (140 ნამუშევარი). XXI საუკუნემ სრულიად ახალი ესთეტიკა მოიტანა.
შეიცვალა როგორც მხატვრობისადმი მიდგომა, ასევე თავად შემოქმედთა ხედვა და მისწრაფებები. თანამედროვე ეპოქის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი ძლიერი ხაზი, სწორედ XX საუკუნის გამორჩეული ინდივიდების შემოქმედებაზე გადის, რომელთა დიდი ნაწილი კონცეპტუალურად განსხვავებული მიდგომითა და მათთვის ჩვეული სახვითობის დაცვით მუშაობს.
მათი შემოქმედების ახალ ეპოქასთან მიმართებითი ანალიზი კი ხელოვნებათმცოდნეობის თვალსაზრისით ძალზე საინტერესო საკითხია. ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად თემო გოცაძე ათწლეულების მანძილზე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული.
1967-1983 წლებში საქართველოს ტელევიზიის ჯერ დამდგმელი, ხოლო შემდეგ მთავარი მხატვარი იყო. 1983-1995 წლებში ხელმძღვანელობდა მხატვრის სახლს, ხოლო შემდგომ 18 წლის მანძილზე, 1988-2005 წლებში, სურათების ეროვნული გალერეის გენერალური დირექტორი იყო. თემო გოცაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კალიფორნიის ფედერალურ მუზეუმში, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, დიუსელდორფის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კანადის თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში და კერძო კოლექციებში – იტალიაში, აშშ-ში, მექსიკაში, ირანში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები