აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები იწყება.
დაგეგმილი საკომუნიკაციო სამუშაოების გამო, 28 მარტიდან, „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპის დასრულებამდე, მარჯანიშვილის მოედნიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
საავტომობილო გზის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, თბილისის საპატრულო პოლიციასთან ერთად, ალტერნატიული სატრანსპორტო სქემის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ, რათა აღნიშნული სამუშაოების გამო, გზებზე შეფერხება არ მოხდეს და მოსახლეობისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი ალტერნატიული სქემა მოიძებნოს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ცენტრალური სასმელი წლის მილები, სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები მთლიანად შეიცვლება.
გამზირზე დამონტაჟდება ელექტროობისა და გაზმომარაგების ახალი სისტემები. ასევე, განახლდება ინტერნეტ და სატელეფონო კაბელები.