რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ტერაქტების პრევენციისათვის – კასრელიშვილის კომენტარი
„კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ანალიტიკოსმა უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ტერაქტების პრევენციის კუთხით ევროკავშირისა და ნატოს მიერ გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, აუცილებელია ნატოში ანტიტერორისტული სამსახური შეიქმნას, პარალელურად ჩამოყალიბდეს ევროპის ერთიანი ბაზა, რომელშიც ემიგრანტები იქნებიან და თითოეული მათგანის შესწავლა და დაკვირვება მოხდეს.
„ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენცია ძალიან ზღუდავს თვალთვალის, მიყურადების და დევნის პროცესებს. სპეცსამსახურები ამაში შეზღუდულები არიან. აუცილებლად სასამართლოც უნდა იყოს ჩართული. ეს ფაქტის აღსაკვეთად ოპერატიულ რეაგირებას უშლის ხელს. უნდა დაიხვეწოს ეს კანონი. ევროკავშირმა და მთელმა მსოფლიომ ტერაქტების წინააღმდეგ ბრძოლისათვის ახალი დოკუმენტი უნდა მიიღოს. უნდა განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები. ტერაქტს აქვს გამომწვევი მიზეზები, ეს არის ტექნიკური პროცესი და იდეოლოგია, ვინც ტერაქტის შემსრულებლების იდეოლოგიური მამოძრავებელია. ორივე ძალა დღეს ევროპაშია. ვფიქრობ, ემიგრანტების მონაცემთა ერთიანი ბაზა უნდა შეიქმნას ევროპაში. არა მარტო ემიგრანტების, აგრეთვე რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით უნდა შეიქმნას ბაზა. უნდა იყოს მიყურადების, თვალთვალის და დევნის საშუალება, რომ ისინი შეისწავლონ. ამას დიდი თანხა დასჭირდება და იმედია, ევროკავშირი ამისთვის თანხებს გაიღებს. ჩვენ ვთვლით, რომ ნატოში უნდა შეიქმნას ანტიტერორისტული სამსახური. ანტიტერორისტული კოალიცია კი არა, ანტიტერორისტული სამსახური, რომელიც, პირველ რიგში, პრევენციაზე და მერე შედეგების ლიკვიდაციაზე იმუშავებს“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.