თემურ თორდინავა: არცერთი ბაღის დირექტორი პოლიტიკური ნიშნით არ გამითავისუფლებია
თბილისის 83-ე ბაგა ბაღის აღსაზრდელების მშობლები ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას შეხვდნენ.
შეხვედრა ურთიერთბრალდებებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
როგორც ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა აცხადებს, აღნიშნული ბაღის დირექტორი მონიტორინგისა და შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურის დასკვნის შედეგად განთავისუფლდა.
“83-ე ბაგა ბაღის დირექტორი, ქალბატონი ეკა გვრიტიშვილი განთავისუფლდა მონიტორინგისა და შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურის დასკვნის შედეგად. არცერთი ბაღის დირექტორი არ გამითავისუფლებია პოლიტიკური ნიშნით და არც გავანთავისუფლებ “,- განაცხადა თორდინავამ.
თბილისის საბავშვო ბაღების დირექტორების მოხსნას მშობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. დაახლოებით, 10-მდე საბავშვო ბაღი დილიდან პარალიზებულია. მუშაობა შეწყვიტეს მასწავლებლებმა, ბაღებში ბავშვების მიყვანაზე უარს ამბობენ მშობლებიც. პედაგოგების და მშობლების განცხადებით, თუ არ შეიცვალა გადაწყვეტილება, შესაძლოა, საპროტესტო აქციები გამართონ.