არჩილ თალაკვაძემ პროექტში „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის პროექტის „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALLS) ფარგლებში, ღონისძიება სახელწოდებით – „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ჩატარდა.
„ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დირექტორატის კამპანიის ფარგლებში შემუშავებული საგანმანათლებლო მეთოდია, რომლის თანახმად ბიბლიოთეკის იმიტირება ხდება და წიგნებს ადამიანები წარმოადგენენ.
პროექტის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ, „გამოიწერონ“და „წაიკითხონ“ ნებისმიერი „წიგნი“ – ანუ წარმომდგენ პირთან „წიგნის თემატიკის“ შესაბამისი საუბარი გამართონ.
„ცოცხალი“ ბიბლიოთეკის „მკითხველი“ ამჯერად თბილისის საჯარო სკოლების მე-9-12 კლასების 40 მოსწავლე იყო. „წიგნები“ კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ წარმოადგინეს.
პროგრამაში სამართლებრივ და ახალგაზრდულ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები მონაწილეობენ: მოქმედი პოლიციელი, პროკურორი, კრიმინალური ექსპერტი, სამედიცინო ექსპერტი, სოციალური მუშაკი, ყოფილი მსჯავრდებული, ახალგაზრდული მუშაკი და სხვა.
არჩილ თალაკვაძემ დაინტერესებულ მოსწავლეებს თავის კარიერულ გზაზე უამბო. მან განმარტა, თუ რატომ აირჩია პროფესიად მენეჯმენტი და რა სირთულეებია ამ პროფესიასთან დაკავშირებული. შს მინისტრის მოადგილემ, ასევე, პოლიციელის მოვალეობებზე, საზოგადოების წინაშე სამართალდამცველთა მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და ახალგაზრდა „მკითხველების“ შეკითხვებსაც უპასუხა.
აღნიშნული პროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის პარტნიორები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არიან.