„ონლაინკაზინოების დახურვით სახელმწიფოს არანაირი ზიანი არ მიადგება”

პოლიტიკური მოძრაობხ „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ – მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ონლაინკაზინოების აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს.
მისი თქმით, ონლაინკაზინოების დახურვით სახელმწიფოს არანაირი ზიანი არ მიადგება.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიმაჩნია, რომ საქართველოში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს, რადგან ყოველი დაკარგული დღე კიდევ არაერთი ადამიანის დაკარგულ სიცოცხლეს ნიშნავს. ამ პრობლემებს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს საქართველოში მოქმედი ონლაინკაზინოები იკავებს. საქართველოში ათობით ინტერნეტკაზინოა, რომელთაც ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი მახეში ჰყავთ გაბმული. კომპანიები, რომლებიც მოქალაქეებს ინტერნეტთამაშებში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ, სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ არ კონტროლდებიან და მათ მფლობელებს არანაირი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. ჩემი პირადი აზრით და დაკვირვებით, ქართველი ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი ამ ონლაინკაზინოებისგან დაგებულ ხაფანგშია მოქცეული, საიდანაც თავის დაღწევას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. რეალურად, არასტაბილური შემოსავლის მქონე ახალგაზრდები იმ იმედით იწყებენ თამაშს, რომ რაიმე სახის შემოსავალს მიიღებენ და შედეგად კი დიდ თანხებს აგებენ, ყიდიან ყველაფერს, რაც გააჩნიათ, იღებენ ვალებს და ინადგურებენ ცხოვრებას. ხშირად ისინი ამ თამაშებზე ავადმყოფურად დამოკიდებულნი ხდებიან, უწევთ მათზე დარეგისტრირებული საცხოვრებლების გაყიდვა და ქუჩაში დარჩენა. არცთუ ისე იშვიათია ამ პრობლემით გამოწვეული სუიციდის შემთხვევები.
სამწუხაროდ, ეს გახლავთ დღევანდელი საქართველოს რეალობა. უფრო მეტსაც გეტყვით, ინტერნეტკაზინოებში არასრულწლოვნებიც თამაშობენ და მათი რიცხვი, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდია.
შემიძლია მოგახსენოთ იმ სქემის შესახებ, რომელსაც ვიმედოვნებ, თქვენზე დაქვემდებარებული სტრუქტურები დეტალურად შეისწავლიან. 934055_1069638713082013_298513265166466282_n
მოგეხსენებათ, მსგავს საიტებზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია, საჭიროა მხოლოდ სახელის, გვარის და პირადი ნომერის დარეგისტრირება. 13-დან 18 წლამდე არასრულწლოვნები აფიქსირებენ თავისი ახლობლის, ბიძის, ბაბუის, ბებიის პირადობის მონაცემებს და ამ ხერხის გამოყენებით იწყებენ თამაშს. სამწუხაროდ, არავინ ინტერესდება, თუ ვინ თამაშობს ამ სახელით და გვარით ეკრანის მეორე მხარეს. შესაბამისად, ის, რაც ხდება ამ სფეროში, სრულ ქაოსს და უკონტროლობას ნიშნავს.
მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ, რამდენი ზრდასრული პირი და პენსიონერია დარეგისტრირებული ონლაინმოთამაშედ და შემდეგ გადაამოწმეთ, რამდენად რეალურად არიან ეს ადამიანები ჩართულნი ონლაინთამაშებში. დარწმუნებული ვარ, შედეგებით თქვენც გაკვირვებულნი დარჩებით. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ონლაინკაზინოების დახურვით სახელმწიფოს არანაირი ზიანი არ მიადგება, რადგან მსგავს დაწესებულებებში დასაქმებულია მხოლოდ რამდენიმე მაღალკვალიფიციური პროგრამისტი, რომლებზეც მოთხოვნა ისედაც დიდია და ისინი აუცილებლად იპოვიან მათთვის შესაფერის სხვა სამსახურს.
დარმწუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა ძალიან ბევრ ახალგაზრდას გადაურჩენს მომავალს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომლის განხილვა და მიღება აუცილებელია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. დაუშვებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და მათ შორის ახალგაზრდები ამდენად დაუცველნი იყვნენ სახელმწიფოს მხრიდან და ონლაინკაზინოების და სხვა მსგავსი ტიპის სათამაშო ბიზნესის მფლობელთა მსხვერპლნი ხდებოდნენ”,- აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები