განათლების მინისტრის მოადგილე დაწყებითი განათლების პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, დაწყებითი განათლების პროექტის მიმდინარეობას გაეცნო . 2015-2016 სასწავლო წლიდან საქართველოს მასშტაბით 39 საპილოტე სკოლის I-VI კლასებში საქმიანი უნარ-ჩვევების გაკვეთილები ტარდება. პროექტის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) დირექტორი ინდირა ამირანაშვილი და საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩაჩხიანი, თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ საქმიანი უნარ-ჩვევების პროგრამას G-PriEd საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და პროექტში ჩართული სკოლების, ორგანიზაცია Junior Achievement-ისა და ადგილობრივი და საერთაშორისო საქმიანი სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით ახორციელებს.
სამინისტრპოს პრესსამსახურის განმარტებით, პროექტის მიზანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან განუვითარონ ისეთი უნარ-ჩვევები როგორიცაა – სამომხმარებლო, ეკონომიური, სოციალური, კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ლიდერობა, დაგეგმვა, რაც საფუძველს უყრის სამეწარმეო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მოსწავლეების მომზადებას მომავალი აქტიური ცხოვრებისათვის.
39 საპილოტე სკოლაში, I-IV კლასებში საქმიანი უნარ-ჩვევების გაკვეთილები სადამრიგებლო საათის ფარგლებში ტარდება და მის მიწოდებას კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს. ამ საგნის სწავლებისთვის G-PriEd-ის მიერ გადამზადდა ყველა შესაბამისი პედაგოგი.
V-VI კლასებში აღნიშნულ გაკვეთილებს კერძო კომპანიების წარმომადგენლები ატარებენ. საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამა წარმოადგენს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ერთ-ერთ კომპონენტს. G-PriEd-ი ასევე ორიენტირებულია კითხვისა და მათემატიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე I-VI კლასებში. პროექტი საჯარო სკოლებში ხორციელდება.