ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ბრალდებულ ზაზა ს. -ს, გამამტყუნებელი ვერდიქტის თანახმად, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, დღეს, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, რომელშიც ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულებს მონაწილეობა არ მიუღიათ, ზაზა ს.-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ზაზა ს.-ს ბრალად ედებოდა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება სხეულის თვითდაზიანებით, ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, აგრეთვე განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
საქმის მასალების თანახმად, ზაზა ს.-მ, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დათხოვნაში ყოფნის დროს, სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, მოიკვეთა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი.
2015 წლის 14 ოქტომბერს, თბილისში, ყაჩაღური თავდასხმის მიზნით ბრალდებულმა გააჩერა ტაქსი და გადაადგილებისას მძღოლს რამდენჯერმე ჩაარტყა კისერში. ამ უკანასკნელმა, გააჩერა ავტომობილი და სცადა თავდამსხმელისგან თავის დაღწევა, თუმცა ზაზა ს. დაედევნა და დანის მუქარით მოსთხოვა გადაეცა თანხა, მობილური ტელეფონი და ავტომანქანის გასაღები. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მან განიზრახა მოეკლა ვლადიმერ ი. , ზურგისა და კისრის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები დანით და მიიმალა. ვლადიმერ ი.-მ, რამდენიმე წუთის შემდეგ, შეძლო დახმარების გამოძახება და დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის განმარტება, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის შემადგენლობის ელემენტებს შეიცავს წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ელემენტებს და გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებასა და ძარცვისათვის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
რაც შეეხება თავდაპირველად წარდგენილ ბრალდებას, მასში ზაზა ს. სრულად გამართლდა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა ექვსი სხდომა და დაიკითხა ბრალდების 29 მოწმე. საქმის არსებითი განხილვა უზენაესი სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა ისტორიულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა. გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები