ევროპელი „კონსერვატორების“ სამიტზე ტერორიზმისა და რუსეთის აგრესიის საკითხები განიხილეს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“- „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, ნინო გოგუაძემ და ევროპელი კონსერვატორების თავმჯდომარემ და საქართველოს „კონსერვატიული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქეთი მამულაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თურქეთში, ანტალიაში ევროპელი კონსერვატორების ალიანსის ორგანიზებულ სამიტზე ისაუბრეს.
ალიანსში 24- მდე ევროპული პარტია არის თავმოყრილი, მათ შორისაა საქართველოს „კონსერვატიული პარტია“. როგორც „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სამიტზე ორი მთავარი საკითხი ტერორიზმისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
„სამიტი ანკარაში 17-18 მარტს გაიმართა. მასზე ორი მთავარი საკითხი – უსაფრთხოება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და რუსეთიის საკითხები იყო განხილული. ის, რაც მოხდა ბელგიაში, რაც მოხდა თურქეთში, ეს არის ჯაჭვი ტერაქტებისა, რომელიც ძალიან ხშირად ხორციელდება ევროპული სახელმწიფოების და იმ სახელწიფოების მიმართ, რომლებსაც ევროპისკენ სწრაფვა აქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ევროპის „კონსერვატორმა“ ლიდერებმა გააკეთეს სამიტზე, იყო ის, რომ ტერორიზმი და აგრესია სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ არ შემოიფარგლება ერთი ქვეყნით, თუნდაც ის ერთი ქვეყნის მიმართ იყოს მიმართული. ტერორიზმიც და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაც საერთო პრობლემაა. ეს არის საკითხები, რაზეც ევროპული ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
გოგუაძის განცხადებით, ევროპელი „კონსერვატორების“ ინიციატივით იგეგმება, ევროპარლამენტში შეიქმნას საქართველოსთან მეგობრობის კომიტეტი, რომელიც, მისი თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს ინტერესების ლობირების და დაცვის დამატებითი მექანიზმი იქნება. სამიტზე დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც.
როგორც ქეთი მამულაშვილმა განმარტა, დაგეგმილი ღონისძიებებიდან ერთ-ერთს მაისში საქართველო უმასპინძლებს.
„სამიტზე დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის ერთ-ერთი, ყოველწლიური ღონისძიება, საზაფხულო სკოლა „სამერკემპი“ საქართველოში გაიმართება. ღონისძიება მაისში ჩატარდება და მასში მონაწილეობის მისაღებად პარტიის ყველა წევრი ქვეყნიდან ჩამოვლენ წარმომადგენლები. საზაფხულო სკოლა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. ამის შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება უკვე პორტუგალიაში გაიმართება. ეს იქნება „ფრიდომ სამიტი“, რომელსაც ასევე ყოველწლიურად ატარებენ ევროპელი ახალგაზრდა „კონსერვატორები“,- განაცხადა ქეთი მამულაშვილმა.