დავით უსუფაშვილი სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება, სადაც შეხვედრა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანთან გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, უახლოეს მომავალში საბჭოს გენერალურ სამდივნოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების მექანიზმების შესახებ მემორანდუმს მოეწერება ხელი, რაც საბჭოს წევრ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს. დავით უსუფაშვილმა აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანს საქართველოს სავაჭრო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის მეგობარ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობისთვის. ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებაც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და გამოწვევები, ისაუბრეს რეგიონში არსებული კონფლიქტებზეც. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონფლიქტები დიალოგის გზით, მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები