ინფრასტრუქტურის მინისტრი არქიტექტორთა საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მოადგილეებთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვედრა გამართა არქიტექტორთა საზოგადოების წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან – ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომლობის ფორმებზე მსჯელობას. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო სამინისტროსა და არქიტექტორთა საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე.

„მხარეებმა განიხილეს საკონკურსო პირობებისა და საპროექტო რეკომენდაციების მომზადებაში არქიტექტორების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა. ისაუბრეს პროფესიული ხედვების გაზიარებისათვის შემდგომი თანამშრომლობის გზებზეც.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამომავლო გეგმები. მან ხაზი გაუსვა მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ხარისხიანად განხორციელებისათვის პროფესიონალების ჩართულობის აუცილებლობას.

შეხვედრის მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პროფესიული იდეების გაცვლისათვის კომუნიკაცია კიდევ უფრო აქტიური გახდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები