“ბედნიერი საქართველოსთვის“ ონლაინკრედიტების შეზღუდვის, ან აკრძალვის მოთხოვნით პეტიციას აქვეყნებს
ლეონიდ ჩერნოვეცკის ინიციატივით, პოლიტიკური მოძრაობა “ბედნიერი საქართველოსთვის“ ონლაინკრედიტების შეზღუდვის, ან აკრძალვის მოთხოვნით პეტიციას აქვეყნებს და საქართველოს პარლამენტში წარსადგენად 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს. ხელმოწერების შეგროვების შემდგომ პოლიტიკური მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომ დაუყოვნებლივ განიხილოს მოთხოვნა, რომელიც ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების შეზღუდვას ან მათი საქმიანობის შეჩერებას ეხება.
„ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი მიიჩნევს, რომ მოცემული ინიციატივა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოებისათვის.
“მისი მიზანია, აღარ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ჩათრევა კრედიტების იმ მორევში, საიდანაც ხშირ შემთხვევებში უკან მოსაბრუნებელი გზა აღარ რჩება. პოლიტიკური მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის“ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას და დააფიქსირონ თავისი პოზიცია პეტიციაზე ხელმოწერით. პეტიციაში ნათქვამია, რომ აუცილებელია აიკრძალოს ონლაინკრედიტების გაცემა ან შეიზღუდოს მათი გამცემი საკრედიტო ორგანიზაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი ისე, რომ ის წლიურ 50 პროცენტს არ აღემატებოდეს. პოლიტიკური მოძრაობის ინიციატივის მიზეზი გახდა ის ათასობით შემთხვევა, როდესაც ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები იყენებენ საქართველოს მოსახლეობის უმძიმეს სოციალურ მდგომაროებას და სთავაზობენ მოქალაქეებს სესხის კაბალურ პირობებს არანორმალური საპროცენტო განაკვეთის სახით, რომელიც 300 დან 700-მდე წლიურ ეფექტურ პროცენტს შეადგენს. ეს პირობები უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს, რაც რიგ შემთხვევებში ფატალურადაც მთავრდება. არსებული უსამართლო და ამორალური სქემის გამო მოსახლეობა ყოველდღიურად ღარიბდება და ისედაც უმძიმესი სოციალური ფონი კიდევ უფრო მძიმდება“,- აღნიშნულია პოლიტიკურ მოძრაობა “ბედნიერი საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ბედნიერი საქართველოსთვის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ქვრივიშვილის განცხადებით, ხელმოწერების შეგროვება მომავალი კვირიდან სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. “ხელმოწერების შეგროვება მომავალი კვირიდან გახდება სისტემატიური ხასიათის, ჩვენ გავხსნით მსგავსი ტიპის შტაბებს თბილისში, სხვადასხვა მეტროსადგურებთან სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება მივიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს. ვაპირებთ, რომ მოვიცვათ თბილისის ყველა უბანი, ხელმოწერის პუნქტები გაიხსნება აჭარაშიც. როგორც კი გვექნება 200 ათასი ხელმოწერა, შევიტანთ პარლამენტში და მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ონლაინ კრედიტების აკრძალვა”, – აცხადებს გიორგი ქვრივიშვილი.