გედევან ფოფხაძე: საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურას სამართლებრივი ნაწილი უნდა შეეფასებინა
მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური შეფასების საგანი შეიძლება იყოს საგარეჯოს არჩევნები, პროკურატურას მარტო სამართლებრივი ნაწილი უნდა შეეფასებინა და ჩაეტარებინა ის სამართლებრივი ღონისძიებები, რაც მას საჭიროდ მიაჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ, პროკურატურის მიერ საგარეჯოს არჩევნების გამოძიების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება გამოძიების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
„თუ ვინმე პროკურატურას არ ენდობა, ეს მისი უფლებაა, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებები გამოძიების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ტარდება. შესაბამისად, რა გადაწყვეტილებასაც იღებს პროკურატურა, ეს არის მისი პოზიცია. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ზოგადად პროცესის მიმართ იყოს კითხვები, მაგრამ პროკურატურას თავისი კუთხით არ ჰქონდეს, რადგან სისხლის სამართლის დანაშაული არ იკვეთებოდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური შეფასების საგანი შეიძლება იყოს საგარეჯოს არჩევნები, პროკურატურას მარტო სამართლებრივი ნაწილი უნდა შეეფასებინა და ჩაეტარებინა ის სამართლებრივი ღონისძიებები, რაც მას საჭიროდ მიაჩნდა”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაასრულა. მათი ინფორმაციით, შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.