ბრიუსელში მყოფი საქართველოს პარლამენტის დეპუტატები უსაფრთხოდ არიან

ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მყოფი საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.
დეპუტატის თქმით, პარლამენტის დელეგაციის წევრები ახლოს არიან მეტროსადგურთან, სადაც აფეთქება მოხდა. “პარლამენტის წევრები იმყოფებიან ბრიუსელში, ჩემი აპარატიდანაც არიან წასულები. მათ არანაირი საფრთხე არ ემქურებათ, მაგრამ ისინი ძალიან ახლოს იმყოფებიან იმ ადგილთან, სადაც მეტროში აფეთქება მოხდა. ჩვენი წარმომადგენლები არ დაშავებულან და მათთან დაკავშირებით ინციდენტს ადგილი არ ჰქონია”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იმყოფებიან ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი ჟვანია, ანი მიროტაძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა. მათთან ერთად არიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანი დაიღუპა და 35 სერიოზულად დაშავდა, – ამის შესახებ ბელგიის საზოგადოებრივი ტელევიზია იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, აეროპორტში 13, ხოლო მეტროში 10 ადამიანი დაიღუპა. ბელგიის ხელისუფლებამ მომხდარს უკვე მიანიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია. ბრიუსელის საერთაშიროსო აეროპორტი ამ დროისთვის დახურულია. თვითმფრინავებს სხვა აეროპორტებში აგზავნიან. ბელგიაში ტერორიზმის უმაღლესი საფრთხეა გამოცხადებული. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ დაიხურა ბრიუსელის მეტროპოლიტენიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები