ირანული ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართება

23 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ნოურუზის დღესასწაულის ფარგლებში, ირანული ტრადიციული მუსიკის საღამო გაიმართება. საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით, აგრეთვე ირან-საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, 2016 წლის 21-25 მარტს ტრადიციული ირანული მუსიკის ფესტივალს გამართავს.
ირანიდან მოწვეულია ჯგუფი “თორანგი”, რომელიც წლების განმავლობაში პოპულარიზაციას უწევს ტრადიციულ ირანულ მუსიკას. წგუფის წევრები არიან: ალირეზა აჰმადი ხათირ (თარი-tar) -ჯგუფის ხელმძღვანელი, მოჰამად მეჰდი ნათეყი (ვოკალისტი), სამან ნოურუზიანი (ქამანჩა – kamancheh), ჰოსეინ მორშედფური (თონბაქი-tombak), მეჰდი ებრაჰიმი (ნეი-ney).
ჯგუფი “თორანგი” რამდენიმე კონცერტს გამართავს თბილისში. 23 მარტს კი საშუალება გექნებათ,  მათ მუშტაიდის სასახლის დეკორის ფონზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში მოუსმინოთ.
ნოვრუზი ტრადიციული ირანული დღესასწაულია, რომელიც ისლამამდელ ტრადიციებს უკავშირდება და რომლითაც გაზაფხულის ბუნიობა იწყება. იგი ირანში ახალი წლის დასაწყისად მიიჩნევა. სახელწოდება “ავესტიდან” მოდის და ნიშნავს: „ახალ დღეს, დღის შუქს.“ იგი აღინიშნება 20-დან და 21-მარტის გამთენიისას, როდესაც მზე ვერძის ზოდიაქოში გადადის და გაზაფხული იწყება. ნოვრუზი უკვე 3000 წელია რაც აღინიშნება, იგი უკავშირდება ზოროასტრული რელიგიის რიტუალებსა და ტრადიციებს. ამჟამად ნოვრუზის დღესასწაული აღინიშნება ირანში, ერაყში, ინდოეთში, ავღანეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.
სახელწოდება „ნოვრუზი“ პირველად ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში გვხვდება ირანულ წყაროებში, თუმცა ჩვენ გვაქვს სარწმუნო ცნობები, რომ ეს დღესასწაული ბევრად უფრო ადრეც, აქემენიდურ პერიოდში (ქრ. შ.-მდე 555-330 წწ.) აღინიშნებოდა სამეფო ხელისუფლებისა და ხალხის მიერ. არსებობს მოსაზრება, რომ პერსეპოლისის არქიტექტურული ანსამბლში ცნობილი აპადანას სასახლე და ასსვეტიანი დარბაზი სპეციალურად ნოვრუზის დღესასწაულის აღსანიშნავად აიგო. ირანში ნოვრუზი დღემდე მთავარ დღესასწაულად მიიჩნევა და ფართოდ აღინიშნება ქვეყანაში როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე ჩვეულებრივ მოსახლეობაშიც.
12516467_1250660371629235_1512810994_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები