სპექტაკლ „მთავარი როლის“ პრემიერა ზესტაფონის თეატრში გაიმართა

ზესტაფონის უშ. ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში პრემიერა გაიმართა. „მთავარი როლი! – ასე ჰქვია თამარ ბართაიას პიესას, რომელიც რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა. სპექტაკლში მოქმედება თეატრში მიმდინარეობს. მოულოდნელად, პრემიერის წინ პრიმა მსახიობი ტოვებს თეატრს, რეჟისორი კი იწყებს მისი შემცვლელის პოვნას და ახალ პიესაზე მუშაობას. სწორედ ამ პროცესში თამაშდება ის ტრაგიკომიკური სიტუაციები, რაც ბოლო წლების ქართული თეატრისთვის გახდა დამახასიათებელი. თანამედროვე კონცეფციით „ოიდიპოსის“ დადგმა საბოლოოდ აბსურდში გადადის. „მთავარ როლში“ ნაჩვენებია რეჟისორი, რომელმაც ან არ იცის, რა უნდა, ან შეგნებულად მიდის არჩეული გზით სასურველ შედეგამდე. ამავე დროს, მაყურებელს საშუალება ეძლევა, გაეცნოს კულისებს მიღმა ცხოვრებას, მართალია უტრირებულს, თუმცა პერსონაჟების ყოფითი პრობლემებითა და ლირიკული პასაჟებით გამდიდრებულს.12516331_1250646254963980_1558756140_n
სპექტაკლში ზესტაფონის თეატრის მსახიობები, ზურაბ აბესაძე, ნანა ისიანი, ნინო აბესაძე, ბადრი ტაბატაძე და მარეხ აბესაძე მონაწილეობენ. „მთავარი როლისთვის“ მხატვრული სამყარო მხატვარმა – ნათია ბერაძემ შექმნა. მუსიკლურად სპექტაკლი გიგა ჩიქოვანმა გააფორმა. წარმოდგენამ ზესტაფონელი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. პრემიერას დრამატურგი, პიესის, „მთავარი როლის“ ავტორი, თამარ ბართაიაც ესწრებოდა.
თამარ ბართაია, დრამატურგი: – მე შეფასების, ასე ვთქვათ, ჩემი მეთოდი მაქვს. როცა ვწერ ხოლმე პიესას, ჩემი წარმოსახვითი პერსონაჟები მყავს. მერე, როცა სპექტაკლს ვნახულობ და თუ ის კარგია, ამ წარმოსახვით პერსონაჟებს ანაცვლებენ მსახიობები და ჩემთვის უკვე ისინი იქცევიან პიესის პერსონაჟებად. დღეს სწორედ ეს შემთხვევა იყო. აღფრთოვანებული ვარ, ჯერ ერთი იმით, რომ მოდიხარ შენთვის უცხო გარემოში და ამხელა სიხარულია, ამხელა ბედნიერებაა, მაყურებელი იცინის, ტაშს უკრავს, მსახიობები თავს კარგად გრძნობენ და როცა ამ ყველაფერში შენც პატარა წვლილი მიგიძღვის, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. გადმოცემაც კი არ შემიძლია…12077428_1250646258297313_1235700924_n
ნინო ლიპარტიანი, ზესტაფონის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: – ვფიქრობ,  თეატრის რეპერტუარისთვის მნიშვნელოვანია ქართული დრამატურგია, ამასთანავე – მაყურებლისთვის, მით მეტეს, რეგიონში, კომედიური ჟანრი უფო მისაღებია. სწორედ ამიტომ შეჩერდა ამ პიესაზე ყურადღება. რაც შეეხება რეჟისორს, გეგა ქურციკიძეს, ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თეატრში სპექტაკლი დადგას პროფესიონალმა რეჟისორმა, ისეთმა, რომლის სპექტაკლებიც მაყურებელს უყვარს. დღესაც სპექტაკლი შედგა და ეს ცხადყო მაყურებლის რეაქციამ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი პრემიერით.“
გეგა ქურციკიძე, რეჟისორი: – უკვე თვენახევარია, რაც ამ სპექტაკლზე ვმუშაობთ. მასში ზესტაფონის თეატრის ხუთი მსახიობი თამაშობს. ეს ჩემი პირველი შეხვედრა არ არის მათთან, უკვე მეოთხედ ვდგამ სპექტაკლს ზესტაფნის თეატრში. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მათთან ერთად მუშაობა და, ვფიქრობ, მათთვისაც საინტერესო იყო ის პროცესი, რაც ერთად გავიარეთ. თუ მაყურებლის რეაქციის მიხედვით ვიმსჯელებთ, საკმაოდ კარგი შედეგისთვის მიგვიღწევია.

ნინო ჯაჯანიძე
12674522_1250646251630647_551883963_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები