გიორგი კვირიკაშვილი 16 მარტს აჭარას ეწვევა
საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილი სამკურნალო დაწესებულება პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.
პრემიერ-მინისტრი ასევე დაათვალიერებს მრავალფუნქციურ სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსის Porta Tower-ს, რომლის მშენებლობაც 2016 წლის ზაფხულში დასრულდება. გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის IUHB გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ჰოსპიტალი 103 პაციენტზეა გათვლილი და 400 ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტდა. მაღალი სამედიცინო-ტექნოლოგიური სტანდარტებით და მაღალი კლასის მომსახურებით გამორჩეული კლინიკა, რეგიონის მცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს, აჭარაშივე იყვნენ უზრუნველყოფილნი მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.