„გადაბაძე იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ არჩევანი ხელფასსა და სიტყვის თავისუფლებას შორის გავაკეთე“

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტის თამუნა ილურიძის განცხადებით, შეურაცხმყოფელია, როცა აბრალებენ, რომ არჩევანი სიტყვის თავისუფლებასა და ხელფასს შორის გააკეთა.
ილურიძის თქმით, არ სჭირდება არავისთვის იმის მტკიცება, რომ ვინმეს სასარგებლოდ აპირებს მუშაობას.
„არ ვაპირებდი არაფრის დაწერას, მაგრამ იმის დაბრალება, რომ არჩევანი სიტყვის თავისუფლებასა და ხელფასს შორის გავაკეთე, შეურაცხმყოფელია. როგორც ჩანს, ამის დამტკიცებას ცდილობს ბაია გადაბაძე. ყველა ჩემს სიუჟეტზე, რომელიც ცხა წლის მანძილზე გამიკეთებია, პასუხისმგებელი ვარ. მათ შორის, ბოლო ორი წლის განმავლობაში მომზადებულ ყველა ჩემს მასალაზე, როცა ითვლებოდა, რომ “რუსულ ტელევიზიაში” ვმუშაობდი. პასუხს ვაგებ აბსოლუტურად ყველა მომავალ სიუჟეტზე და ისე კარგად ვიცნობ საკუთარ პრინციპებს, არ მჭირდება იმის მტკიცება არავისთვის, რომ მომავალში, “ვინმეს” სასარგებლოდ ვიმუშავებ”, – წერს ილურიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
ჟურნალისტის თქმით, ასე ფიქრობდა ერთი წლის წინათაც, როდესაც სხვა ჟურნალისტებთან ერთად, არხი არ დატოვა და ასე ფიქრობს ახლაც.
“პროტესტი ყოველთვის და ყველგან შესაძლებელია, ნებისმიერი მენეჯმენტის, ან ხელმძღვანელობის პირობებში! და ამას არ სჭირდება ვინმეს სახელსა და გვარს უკან ამოფარება, ან პოპულიზმი. მით უფრო, თუ ეს “ვინმე” შენთან შეუთანხმებლად იტყუება და თან არაერთხელ (სხვებმა ეს ჩემზე უკეთ იციან). ცხოვრების მანძილზე ვისწავლე ის, რომ საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი. ბოლო ცხრა წელში ვისწავლე, რომ შრომისთვის, სამსახურში გატარებული დროისთვის, საქმეში ჩადებული ენერგიისთვის უნდა მიიღო დამსახურებული ანაზღაურება. ბოლო სამ თვეში – არ უნდა შეგრცხვეს სხვების გამო!
P. S. არ მიყვარს საჯარო განცხადებები და სიმართლის მტკიცება. არ მიყვარს, კულუარებზე საჯაროდ საუბარი და დიდი იმედი მაქვს, მაგ ზღვარის გადალახვაც არ მომიწევს”, – წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, გუშინ “მაესტროს ფაქტორის” პროდიუსერმა ბაია ძაგანიამ ბაია გადაბაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. როგორც ძაგანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაია გადაბაძემ და მამუკა ღლონტმა გააკეთეს განცხადება, 7 საათამდე უნდა დაეწერათ განცხადება, რომ ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ და თუ ამას არ გააკეთებდნენ, მეორე დღეს შენობაში ვეღარ შევიდოდნენ.
“მე შევხვდი ლევან გაჩეჩილაძეს და ამის გამო მომაყენა პირადი შეურაცხოფა ბაია გადაბაძემ და მომთხოვა, დაუყოვნებლივ შენობის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მან მითხრა, რომ ეს ძალისმიერი მეთოდებით მოხდებოდა. არ შეიძლება, ერთ საათში სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაწერაზე და გადახვიდე მეორე ტელეკომპანიაში. მიმდინარეობს სამართლებრივი დავა და ყველას გვაქვს უფლება, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ძალიან ბევრი არის დაბნეული, მათ შორის ტექნიკური ჯგუფის 80%”, – განაცხადა ბაია ძაგანიამ.
“პირWელი” ბაია გადაბაძესთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები